მცირე და საშუალო ბიზნესი ქონების დაზღვევას მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა ბანკიდან სესხს იღებს და ეს სავალდებულოა-, ამის შესახებ "საქმის კურსს" სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინა სტამბოლიშვილმა განუცხადა.
კომპანიაში დადებითად აფასებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხდევითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მფლობელებს ქონებისა და მესამე პირის სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება ექნებათ.
თინა სტამბოლიშვილის თქმით, დღეს ბიზნესი ქონების დაზღვევას ნაკლებად იყენებს, ძირითად შემთხვევაში კი ბარიერი არა პოლისის ფასი, არამედ ინფორმაციის ნაკლებობაა.
"ყველა მსხვილ ბიზნესს აქვს დაზღვევა, მაგრამ ეს არ ეხება საშუალო და წვრილ მეწარმეებს, რადგან სადაზღვევო კულტურა აქ ჯერ კიდევ განვითარების დონეზეა. სადაზღვევო კომპანიები ვცდილობთ, რომ ხელმისაწვდომი პაკეტი შევთავაზოთ მათ. სწორედ ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შემდეგ დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია, რომ შევთავაზოთ ეს პროდუქტი მცირე და საშუალო მეწარმეებსაც.
ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის არა ფასი, არამედ ინფორმაცის ნაკლებობა. მაგალითად, ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომლის მიხედვითაც პოლისის ღირებულება 20 ლარიდან იწყება და 50 ათასი ლარის ფარგლებში ითვალისწინებს ანაზღაურების ლიმიტს",- აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.