შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს მიმდებარედ კვების ობიექტების მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა დაინტერესების შემთხვევაში გამოცხადდება.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ინტერესთა გამოხატვის მიმდინარეობისას, განცხადება არავინ შეიტანა, შესაბამისად, ინტერესთა გამოხატვაც არ შედგა.
"სამომავლოდ მოთხოვნის და ზეპირი დაინტერესებების საფუძველზე სააგენტო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, შედგება თუ არა კიდევ ინტერესთა გამოხატვა",- აცხადებენ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის BLACK SEA ARENA-ს მიმდებარედ კვების ობიექტების მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, თუმცა, დაინტერესება ამ მიმართულებით არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესთა გამოხატვის ვადა სახელმწიფომ რამდენჯერმე გადაწია.
საინვესტიციო პირობების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა უნდა მომხდარიყო სულ მცირე 15 წლის ვადით, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენდა სიმბოლურ ფასს – 100 ლარს.