საქართველოს მთავრობის მიერ კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ საპატრიარქოსთვის საკუთრებაში გადაცემულ ბობოყვათის რეზიდენციაში მონასტერია გახსნილი, კრწანისის ტყე-პარკი კი, ამ დრომდე ინვესტორის მოლოდინშია.
აღნიშნული ინფორმაცია "ბიზნესკონტრაქტმა" საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოსგან მიიღო.
"მე როგორც ვიცი, ბობოყვათის რეზიდენციაში მონასტერია გახსნილი და იქ დედაოები ცხოვრობენ“, - განუცხადა „ბიზნესკონტრაქტს“ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.
რაც შეეხება კრწანისის ტყე-პარკს, რომელიც საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოსგან ბობოყვათის რეზიდენციის სანაცვლოდ 2015 წელს მიიღო, ის ამ დრომდე ინვესტორის მოლოდინშია.
"კრწანისის ტყე-პარკი სახელმწიფოს საკუთრებად რჩება. ის საკმაოდ მოთხოვნად აქტივს წარმოადგენს“, - ირწმუნებიან სააგენტოში.
შეგახსენებთ, ლარის დასტაბილურების მიზნით, ხელისუფლება ბობოყვათის რეზიდენციის გაყიდვას აპირებდა და ის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშიც შედიოდა. მთავრობა მის გასხვისებას მინიმუმ 25 მლნ დოლარად გეგმავდა.
თუმცა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 21 სექტემბრის განკარგულების თანახმად, საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბობოყვათის რეზიდენცია - ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა №128-ში მდებარე 149 796 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 18 შენობა-ნაგებობით და მოძრავი ქონებით. გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცა ბობოყვათის რეზიდენციის მიმდებარე სანაპირო ზოლი - ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა №128-ში მდებარე 11 810 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 49 წლის ვადით. სანაცვლოდ კი, სახელმწიფო საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ კრწანისის ტყე-პარკი დაიბრუნა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში ჩაწერილ ერთ-ერთ ინტერვიუში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობდა, რომ მთავრობას კრწანისის ტყე-პარკისთვის პოტენციური ინვესტორი მოძიებული ჰყავდა.
"726 ჰა არის ის ნაცვალგება, რაც სახელმწიფომ მიიღო (ბობოყვათის რეზიდენციის სანაცვლოდ) და სახელმწიფო არაა წაგებული. ზოგადად, ასეთი გაცვლები ყოველთვის ურთიერთკეთილგანწყობით და შეთანხმებით ხდება. თუ არაფერი შეცვალა, 2,5-3 თვეში შეგვეძლება პატარა პრეზენტაცია გავაკეთოთ. პოტენციური ინვესტორი ჩანს“, - აცხადებდა დიმიტრი ქუმსიშვილი.