"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებით მერვე მოწვევის პარლამენტი წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით უფრო პლურალისტური იყო, რასაც ძირითადად განაპირობებდა მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოდგენილი ოპოზიცია. მერვე მოწვევის პარლამენტში 4 წლის განმავლობაში სულ მიღებულია 1505 კანონი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონების ინიცირების მხრივ არა პარლამენტარები, არამედ საქართველოს მთავრობა ლიდერობს, რომელთა სახელზე 865 კანონი ირიცხება.
2012-2016 წლებში პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა 135 -მა წევრმა. იმ პარლამენტარებს შორის, რომელთაც ამ ხნის განმავლობაში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლიათ, არიან კობა ნაყოფია, ასევე შოთა ხაბარელი, თამაზ ყაჭეიშვილი და გოდერძი ბუკია. ჯამში ასეთი მერვე მოწვევის პარლამენტში 16 დეპუტატია.
მერვე მოწვევის პარლამენტში პარლამენტის ცალკეული წევრის მიერ ინიცირებულ იქნა 1124 კანონის პროექტი. აღნიშნული უფლება 151 დეპუტატიდან გამოიყენა მხოლოდ 79 წევრმა. ამ უფლებით არ ისარგებლა დაახლოებით პარლამენტის შემადგენლობის ნახევარმა -72 წევრმა.
ინიცირებული კანონპროექტების მიხედვით, დეპუტატი კობა დავითაშვილი ლიდერობს, ხოლო მიღებული კანონპროექტების მიხედვით პირველ ადგილზე გია ჟორჟოლიანია. მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში პრობლემა იყო კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე დეპუტატების დასწრებაც. საანგარიშო პერიოდში საპატიო მიზეზით პლენარული სხდომის 5913 გაცდენა დაფიქსირდა.
ორგანიზაციას ეჭვი აქვს, რომ დეპუტატები ოჯახური მდგომარეობის მიზეზით სხდომების გაცდენების უფლებას ბოროტად იყენებდნენ, რადგან გაცდენებიდან ყველაზე მეტი, 4100 სწორედ საპატიო მიზეზის გამოა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას დადებით შეფასებას არ აძლევს, რადგან მათი თქმით, დეპუტატების დიდ ნაწილს გაცნობიერებულიც არ აქვს რა ფუნქცია უნდა შეასრულოს საკანონმდებლო ორგანოში.