ბოლო ერთ წელში, თურქეთის მიმართულებით ტურების ღირებულება საშუალოდ 30-40%-ით შემცირდა. როგორც ტურისტულ სააგენტო „ტოპ ტურში“ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს, მიუხედავად ქვეყანაში ტერორტისული აქტების და შიდა არეულობის გახშირებისა, თურქეტის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა გაზრდილია. "ტოპ ტურის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ ბოლო თვეებში, ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისული აქტის და სამხედრო გადატრიალების მცდელობის დღეებში საკმაოდ ბევრი ჯავშანი გაუქმდა, თუმცა ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე დღეში მოთხოვნა თურქეთში დასვენებაზე კვლავ გაიზარდა.
ფასების შემცირებაზე საუბრობენ "ნოვატურშიც“. კომპანიის დირექტორის მამუკა ჯიქიას განცხადებით, თურქეთი ქართველი დამსვენებლისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ადგილზე ექსტრემალური სიტუაციის შემთხვევაში, შემცირებული რეალიზაცია დაახლოებით 1 კვირაში იზრდება.
ჯიქიას განცხადებით, წელს ფასები ხშირ შემთხვევაში 50-60%-თაც იყო შემცირებული.
"თუ განვიხილავთ 17 ივლისის დღეს, ციფრებით რომ ვისაუბროთ 180 მგზავრიდან დაახლოებით 120-მა მგზავრმა თავისი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და გაფრინდა, დაახლოებით 30 მგზავრმა თარიღების გადატანა გვთხოვა და დაახლოებით 20%-მა საერთოდ გააუქმა მგზავრობის პაკეტი.
წელს, თურქეთმა მისი ყველაზე დიდი ბაზარი - რუსეთი დაკარგა. წინა წლებში თუ ფასების სტრატეგია ყოველწლიურად 15-20%-ით მატულობდა, წელს ხშირ შემთხვევაში ფასები 50 და 60%-ითაც კი შემცირებული იყო", - განაცხადა მამუკა ჯიქიამ გადაცემაში "საქმიანი დილა".