ბოლო რამდენიმე თვეში შეკვეთილი - ურეკის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა, - ინფორმაცია „ბიზნესკონტრაქტს“ გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, იგეგმება როგორც მცირე, ისე საშუალო ზომის სასტუმროების მშენებლობა, ასევე, უკვე არსებული სასტუმროების გაფართოება.
გუბერნატორის განცხადებით, „ერთ დროს ჭაობიანი მიდამოს მომხიბვლელ ტერიტორიად გადაქცევა“ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის არის Black Sea Arena-ს გახსნა და ადგილზე მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება, მუსიკოსების ალეიასა და მცირე მაკეტების პარკის გახსნა, რომლებიც ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს გადასცა.
გია სალუქვაძის ინფორმაციით, ბიზნესის დაინტერესებას ხელი შეუწყო ურეკი-შეკვეთილში კომუნიკაციების გაყვანამაც. მისი თქმით, გრიგოლეთი, ურეკი და შეკვეთილის გენერალური განაშენანების შესახებ გეგმის თანახმად, ფაქტობრივად დასრულებულია გაზიფიცირების სამუშაოები, ასევე, აქტიურ ფაზაშია წყლის შეყვანის სამუშაოები და კეთდება კანალიზაცია.
გურიის გუბერნატორის განცხადებით, Black Sea Arena-ზე ჩატარებულმა ღონისძიებებმა შეკვეთილში სასტუმროებზე მაღალი მოთხოვნა განაპირობა, შედეგად, ბიზნესმაც სასტუმროების მშენებლობა და გაფართოება გადაწყვიტა. გია სალუქვაძის თქმით, ბიზნესის დაინტერესებამ ადგილზე კერძო საკუთრებაც გააძვირა.