ენერგეტიკის სამინისტრო იმედოვნებს, რომ "ყაზტრანსგაზის’’ საქმე არბიტრაჟამდე არ მივა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი, ყაზახურ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვას აანონსებს და აცხადებს, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება ამ პროცესში მხარეებს შორის მორიგება იქნება.
"შეხვედრები რა თქმა იქნება. ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება არის მორიგება მხარეებს შორის ისე, რომ არ ჩაერიოს არც არბიტრაჟი და არც სასმართლო. ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, რომ მოხდეს მორიგება. თუ არა მაშინ მოგვიწევს არბიტრაჟის სიბრტყეში გადანაცვლება", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.
ყაზახი ინვესტორები საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივიან. ყაზახური მხარე ინვესტიციების ანაზღაურებას ითხოვს.
Global Arbitration Review-ის ინფორმაციით, სადავო თანხა 180 მილიონი დოლარია. საქმე ეხება საქართველო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ყაზახურ მხარეს გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის'' მართვის უფლება ჩამოერთვა და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი სემეკის მიერ დანიშნულ დროებით მმართველს გადაეცა.
შეგახსენებთ, ყაზახური მხარის "ყაზტრანსგაზ-თბილისის’’ მენეჯმენტში დაბრუნების საკითხი იყო 10 და 11 ივნისს ასტანაში ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობათშორისი სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი.