Home
Category
TV Live Menu

Branding.ge -ს დირექტორი, ლევან კობერიძე: არც ერთი სახელმწიფო პროექტის არ მჯერა, რომელშიც კერძო ბიზნესი არ არის ინტრეგრირებული

56d854d0db90b
BM.GE
03.03.16 19:08
988
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული მარკეტინგული სააგენტოს შექმნას აპირებს, რომელიც დარგობრივ ასოციაციებს კოორდინირებას გაუწევს და ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს.
 
რამდენად ჭირდება დღეს ქვეყანას მარკეტინგული სააგენტო და შექმნის შემთხვევაში რომელ ბაზრებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში “ბიზნესკონტაქტი’’ ბრენდინგისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია Branding.ge -ს დირექტორი, ლევან კობერიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინიციატივა უდაოდ კარგია, მაგრამ მას არც ერთი სახელმწიფო პროგრამის არ სჯერა, რომელიც კერძო ბიზნესის გარეშე ხორციელდება.

“ინიციატივა საინტერესოა გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, მათ შორის ღვინოზე უამრავი საერთაშორისო ინსტიტუციების დახმარებით თითქოს ბევრი ძალისხმევა კეთდება, პროექტებიც შედგა, თითქოს სტრატეგიებიც დაიწერა და ა.შ. მაგრამ დღეს ჩვენ იმ რეალობის წინაშე ვართ, რომ ქართული ღვინო, მიუხედავად მთელი პათოსისა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, მარკეტინგული თვალსაზრისით პრაგმატულად რომ შევაფასოთ, მაშინ როდესაც ჩვენ დაახლოებით 50 000 ჰექტარი გვაქვს, ჩვენთვის სამწუხარო სტატისტიკას ვხედავთ. ესპანური და იტალიური ღვინოების საშუალო საექსპორტო ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე ქართული ღვინის.

აქ ვენახების ფართობებს არ აქვს მნიშვნელობა. საყურადღებო ისაა, რომ სხვა ქვეყნები უფრო ეფექტურად ახერხებენ ღვინის რეალიზაციას. ჩვენ 30 მილიონამდე ბოთლი ძლივს გავყიდეთ მაშინ, როდესაც მსოფლიო ღვინის ბაზარი ძალიან დიდია. ესე იგი, რაღაც პრობლემაა. პრობლემაა ზუსტად გარკვეულ მარკეტინგულ ხედვებში. ამას შესწავლა სჭირდება და დიაგნოზის დასმა. მე ჯერ არ მომისმენია დიაგნოზი, თუ რა სჭირს ქართულ ღვინოს. გარდა იმ ამაყი განცხადებებისა, რომ ქვევრი არის გაეროს ეზოში, რაც მისასალმებელია.

ბრენდინგის და მარკეტინგული კუთხით ერთიანი ფრონტით გასვლა ყოველთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანია და ამ მხრივ ეს ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია. ეს იქნება კონკრეტულად ეტიკეტირება, რაიმე ნიშანი, თუ სხვა, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთვქთ, რომ ერთიანი ფრონტით წარდგენა უკეთესი და ეფექტურია, მხოლოდ იქ ნიუანსებია. საერთოდ სახელმწიფო ინიციატივებს რაც შეეხება, მე წლების განმავლობაში ვაკვირდები და ვმონაწილეობ ამ პროცესში და აღვნიშნავ, რომ არც მსოფლიოში და არც საქართველოში სახელმწიფო პროექტების არ მჯერა, რომელშიც კერძო ბიზნესი მჭიდროდ არ იქნება ინტრეგრირებული, ასევე ექსპერტები და ა.შ. სახელმწიფო ყოველთვის გვინდა თუ არ გვინდა ნებისმიერ ქვეყანაში გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს იცავს,’’-აღნიშნა ლევან კობერიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day