"პირველი ბუნებრივი საპონი ორგანული ქიმიის პრაქტიკუმზე გავაკეთე მეორე კურსზე, როდესაც ბიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში", - ასე იწყებს საუბარს კომპანია "ნატურალეს" დამფუძნებელი ნატა გუბელაძე, რომლის ცდა სტუდენტობისას საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დღეს ის ყველაზე "ბუნებრივ" ბიზნეს მართავს.
ნატა ნატურალური საპნებით და ბუნებრივი კოსმეტიკით გაცილებით გვიან დაინტერესდა. "როდესაც ევროპის რომელიმე ქალაქში ვხვდებოდი, ვცდილობდი შემეძინა ბუნებრივი საპნები და ბუნებრივი კოსმეტიკა, რომელიც მოგეხსენებათ საკმაოდ ძვირია. ერთხელაც მირჩიეს, - რატომ ყრი ამდენ ფულს იმაში, რისი გაკეთება შენ თვითონ შეგიძლია და 2015 წელს გავაკეთე ჩემი პირველი ნატურალური საპონი. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, ეს საინტერესო საქმე ბიზნესად მექცია", - გვითხრა ნატა გუბელაძემ.
ნატას ბიზნესის წამოწყებაში ბიოლოგიური განათლება და სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება დაეხმარა. პირველ ეტაპზე შექმნეს 5 კოსმეტიკური საპნების 5 განსხვავებული რეცეპტი და დაიწყეს მათი წარმოება. ამბობს, რომ მოგვიანებით მომხმარებლების მოთხოვნით გაჩნდა ე.წ. სამკურნალო საპნების რეცეპტები, რომლებიც ბუნებრივი დანამატების საშუალებით, როგორიცაა არყის ხის კუპრი, ჩაის ხის ზეთი, გოგირდი, ნიმის ზეთი კანის სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას ეხმარება.
ნატას თქმით, წამოწყებამ გაამართლა, რადგან ქართველი მომხმარებელი გათვითცნობიერებულია და ზუსტად ესმის, რომ მხოლოდ მოვლის ბუნებრივ საშუალებებს შეუძლია იყოს ნამდვილად უსაფრთხო და სასარგებლო კანისათვის.
"ნატურალე" მომხმარებელს სთავაზობს არამარტო კანის, არამედ წვერისა და თმის მოვლის საშულებებს. ასევე აწარმოებენ ცხოველების მოვლის ბუნებრივ საშუალებებს.
"ფარმაცევტული სახლი, ავერსი და გუდვილი დაგვთანხმდა მიეღო ჩვენი პროდუქცია, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ გაგვიცნო ქართველმა მომხმარებელმა. ქართული ბაზრის მყიდველობითი უნარიანობის გათვალისწინებით, ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ შეძლებისდაგვარად დაბალი ფასი. ჩვენი პროდუქცია იმპორტირებულ ანალოგებთან შედარებით 2, 3 და 4 ჯერ იაფია", - ამბობს ნატა გუბელაძე.
"ნატურალე" "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტის "ბიზნესდაჯიდლების" ერთ-ერთი მონაწილეა. ნატა ამბობს, რომ საინტერესო იყო საკუთარი ძალების შეფასება და უნდოდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო მისი პროდუქცია.
დამწყებ ბიზნესებს ურჩევს, რომ როცა აკეთებ იმას, რაც კარგად იცი და რისიც გჯერა, ბიზნესი აუცილებლად წარმატებული გამოვა.