Home
Category
TV Live Menu

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის სემეკი ტარიფებს ყოველწლიურად დაითვლის

58a6f32f02155
დავით ჯალაღონია
17.02.17 17:00
1020
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის სემეკი ტარიფებს ყოველწლიურად დაითვლის. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განმარტა, 31 მარტამდე აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარდგენა შეეძლებათ, შემდეგ კი კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ბუნებრივი გაზის სექტორში სატარიფო მეთოდოლოგია უწყებამ 2014 წელს მიიღო და შესაბამისად, დღეს დეპარტამენტმა წარმოადგინა საკითხი, რომლის მიხედვით საჭიროა, რომ ცვლილება განხორციელდეს. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, სატარიფო რეგულირების პერიოდები იქნება ყოველწლიური და ტარიფები გამანაწილებელი ბაზრის კომპანიებისთვის ყოველწლიურად დადგინდება. კომპანიები სატრიფო განაცხადებს შემოიტანენ და ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყება“, - განაცხადა გოჩა შონიამ.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სემეკში გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადები წარდგენილი არ არის, თუმცა აგვისტომდე ამ პროცესის დაწყება მოსალოდნელია.

გოჩა შონიას განმარტებით, ბუნებრივი გაზის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების გადათვლა 2006 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა, მიმდინარე წელს კი მოსახლეობას ახალი ტარიფები ექნება, რაშიც სემეკი კომპანიებისთვის ლარის გაუფასურების შედეგებსა და ქსელში განხორციელებულ ინვესტიციებს გაითვალისწინებს.

"ბუნებრივი გაზის შესყიდვა უცხოურ ვალუტაში ხდება. ასევე ბუნებრივი გაზის სექტორში, განსაკუთრებით რეგიონებში, იქ სადაც "სოკარ ჯორჯიას" არეალია, ძალიან დიდი ინვესტიციებია განხორციელებული და ამ ფაქტორებმა შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონიოს ამ სატარიფო რეგულირებაზე, თუმცა ჩვენ არა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს, არამედ მთლიანად სექტორს გადავხედავთ", - აღნიშნა სემეკის წევრმა.

"ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება სემეკმა დღეს გამართულ სხდომაზე დაიწყო. იგივე პროცედურა კომისიამ ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფების მეთოდოლოგიებში ცვლილებებთან დაკავშირებითაც დაიწყო. კომისიის გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად მიმდინარე წლის 31 ივლისი განისაზღვრა.

Subscribe to our news

Get the main news of the day