ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ქადაგიძე წერს, რომ წლების განმავლობაში "მაგთი" და "ჯეოსელი" შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რისი შედეგიც იყო საქართველოში მობილურ კავშირზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფი.
მისი თქმით, საჭიროა ფინანსური გამჭირვალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. ქაგადიძე ფიქრობს, რომ აუცილებელია დეტალური ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო გახდეს შემდეგი კომპანიებისთვის:
- ბუნებრივი მონოპოლიები (თელასი, წყალი, გაზი)
- სსიპ-ებისთვის (რეესტრები, სააგენტოები ა.შ.)
- რეგულირებული ინდუსტრიები (კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა)
-ყველა კომპანიისთვის, რომელსაც ბიუჯეტიდან აქვს შემოსავალი წელიწადში მაგ. 5 მილიონ ლარზე მეტი.
ქადაგიძე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში მომხმარებლებს და სხვა დაკავშირებულ პირებს ექნება შესაძლებლობა გაიგონ, რატომ გაძვირდა ტარიფი, ფასი, გადასახადი და ა.შ. ასევე შეაფასონ კომპანიების სოციალური პასუხისგებლობის ხარისხი და არა მხოლოდ კარგად გაკეთებული პიარ კამპანიები.
"კორპორატიული საქართველოს ისტორიიდან. ოლიგოპოლია - არაკონკურენტული გარემო სადაც მცირე რაოდენობის მოთამაშეები აკონტროლებენ ბაზარს. ოლიგოპოლია შეიძლება გადაიზარდოს კარტელურ შეთანხმებაში და გამოიხატოს მომხმარებლისთვის გაზრდილ ფასში. ამის "საუკეთესო" მაგალითია მაგთი და ჯეოსელი. ეს ორი კომპანია ათ წელზე მეტი შეთანხმებული იყვნენ ტარიფებზე და წუთში 29 თეთრს (ეჭვი მაქვს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მაღალ ტარიფს) გვახდევინებდნენ. სტატუს კვო მხოლოდ მესამე მოთამაშის შემოსვლამ დაანგრია. აღმოჩნდა რომ თურმე რამდენიმე თვეში შესაძლებელი ყოფილა საცალო ტარიფის 29 თეთრიდან ჯერ განახევრება და რეგულატორის მიერ „პორტირების“ დანერგვასთან ერთად 3-5 თეთრამდე შემცირება. რამდენი ასეული მილიონი მოგება ნახეს ამ პერიოდში კომპანიებმა საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, რადგან არცერთი არ აქვეყნებს შესაბამის ფინანსურ ინფორმაციას",- წერს გიორგი ქადაგიძე.