ბუნებრივი რესურსების მოძიებაზე გადასახადი შემცირდება. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს 1 ჰა ტერიტორიაზე მოპოვებით სამუშაოებზე საფასური 500 ლარს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალია.
„500 ლარს ვახდევინებთ მეწარმეებს და ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მეწარმე შევიდეს და შეისწავლოს უბანი. ჩვენ შევამცირებთ ამ საფასურს რათა მოხდეს სტიმულირება კომპანიების“, - ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რესურსების მოძიება სწორი მეთოდოლოგიით მოხდეს.
„ თუ გვაქვს მაგალითად ქვის საბადო, სწორი ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში უნდა მოხდეს წახალისება, - თუკი არ მოხდება აფეთქებით რესურსის ამოღება, არამედ სწორი ტექნოლოგიით. არ შეიძლება ერთჯერადად მოიხსნას კლდე და ამით დასრულდეს ყველაფერი.
საბოლოო ჯამში დარგის რეფორმის შედეგად გვექნება გამჭვირვალე სისტემა და გაზრდილი საინვესტიციო მიმზიდველობა“, - ამბობს ქუმსიშვილი.