ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორ-ეპისკოპოსმა თეოდორემ საზოგადოებას მიმართეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან.
"სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევებზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.
საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.
კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის გამო დაცულია საქართველოს "წითელ ნუსხით“.
ჩვენი ქვეყნისთვის მას აქვს როგორც უდიდესი ეკოლოგიური დატვირთვა, როგორც ენდემურ სახეობასა და კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტ და უძვირფასესი მცენარეს, ასევე, მნიშვნელოვანია რელიგიური თვალსაზრისით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე.
დადგენილია ხმობის ძირითადი მიზეზები: დაავადება - ე.წ „ბზის სიდამწვრე“ (დაავადებამ თითქმის მთლიანად გაანადგურა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები) და დაავადებას დაემატა მავნებელი მწერი - ბზის ალურა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჯერ კიდევ შემორჩენილ, ჯანსაღ ნარგაობას.
ამჟამად, დღის წესრიგში დგას კოლხური ბზის, როგორც სახეობის გადარჩენა, რაც კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს", - განმარტავენ სამინისტროში.