საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ“.
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს, ჭანგ გაოლის, რომელიც ამავდროულად ჩინეთის მიერ ინიცირებული აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტის –„ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კომიტეტის ხელმძღვანელია, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასა და ურთიერგაგების მეორანდუმებს.
დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით. აღნიშნული თანხა მიმართული იქნება საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სადაც თავმოყრილი იქნება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და ფსიქო-რეაბილიტაციის განყოფილება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე - მოზრდილებისთვის.