საქართველოს რკინიგზა გერმანულ "დოიჩე ბანთან" ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც ჩინეთიდან, საქართველოს გავლით გერმანიაში ტვირთების გადაზიდვას გულისხმობს.
საქართველოს რკინიგზის მარკეტინგის სამმართველოს უფროსი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ "დოიჩე ბანის" საშუალებით, კვირაში 607 მატარებელი ჩადის ჩინეთიდან ევროპაში. სალომე კელენჯერიძე ამბობს, რომ ჩინეთიდან საქართველო ბლოკ მატარებელი რამდენჯერმე უკვე მიიღო. წლის მეორე ნახევრიდან კი ინტენსიური მიმოსვლა დაიწყება, რომელსაც წინასწარ გაწერილი გრაფიკი ექნება.
თავდაპირველ ეტაპზე კვირაში ერთი მატარებლის მიღება მოხდება, სამომავლოდ კი აღნიშნული ციფრის გაზრდა იგეგმება. მატარებელი საკონტეინერო გადაზიდვებზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი, გურამ გურამიშვილი ამბობს, რომ ჩინეთიდან ევროპაში გადამზიდავებს ერთიანი ტარიფით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, რაც აღნიშნულ დერეფანს მიმზიდველს ხდის.
"ერთიანი და გამჭოლი ტარიფის შემუშავება არის ყველაზე დიდი მიღწევა რაც უზრუნელყოფს ჩვენს დერეფანში ტვირთების გადმომისამართებას. ტვირთმფლობელს აღარ უწევს რამოდენიმე მოთამაშესთან ცალ-ცალკე მისვლა და ცალ-ცალკე ხელშეკრულებების გაფორმება", - განაცხადა გურამიშვილმა.