აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ჰუანანში ყოფილი ქვანახშირის მაღაროში წყალსაცავი შეიქმნა, სადაც მზის პანელები განათავსეს და მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალზე მცურავი მზის ენერგიის სადგურის მშენებლობა დაიწყეს.
China Daily-ის ინფორმაციით, მზის ენერგიის სადგური წყალსაცავზე აშენდება, რომელიც შემდეგ მოსახლეობას ელექტროენერგიით მოამარაგებს.
1200-ზე მეტი მზის პანელისგან შემდგარი ელექტროსადგური 40 მეგავატი სიმძლავრის იქნება და წლის განმავლობაში 15 000 სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას შეძლებს.
აღნიშნული ელექტროსადგურის მუშაობის გაკონტროლებას უპილოტო მფრინავი აპარატები განახორციელებენ, რომლებსაც საგანგებო ვითარების შესახებ ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა ექნებათ.
China Daily-ის ცნობით, პროექტს Sungrow Power Supply Co ხელმძღვანელობს და ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 25 წელია.