ჩინეთში შესაძლოა ქართული ქალაქი და ქუჩა შეიქმნას, - ამის შესახებ "საქმის კურსის" პირდაპირ ეთერში პრეზიდნეტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მან გადაცემაში ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ არსებობს იდეა, ჩინეთის შანდონის პროვინციაში, პატარა ქალაქ პინჯოუში მცირე მასშტაბის ქალაქი შეიქმნას, სადაც ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
"აღნიშნული იდეა ჩანასახის დონეზეა, თუმცა, მას პერსპექტიული მომავალი გააჩნია. შანდონის პროვინციაში არსებობს ასეთი ქალაქი პინჯოუ, სადაც ხელისუფლებისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები გამოხატავენ მზადყოფნას, რომ ითანამშრომლონ ქართულ ბიზნესთან. საუბარია ქართულ-ჩინური სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება არამხოლოდ ქართული ღვინო, არამედ ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელსაც საქართველო აწარმოებს.
ამასთან, საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას პატარა ქალაქი. არ არის საუბარი დიდ მასშტაბებზე, განიხილება პატარა მასშტაბები და ქართული ქუჩა, სადაც ქართველ ბიზნესმენებს შეეძლებათ რესტორნის გახსნა. ამასთან, შესაძლებელია ადგილზე საცხობები და მაღაზიები გაიხსნას.
ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარიმართა ბინჯოუს მერთან, ამასთან, შექმნილია სავაჭრო პალატა, მის ხელმძღვანელთან გვქონდა შეხვედრა, სადაც გაიჟღერა იდეამ, რომ ჩინური მხარე მზად არის, ყველა შესაძლებლობა შეუქმნას ქართულ მხარეს, იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია წრამოჩინდეს",- განაცხადა მაია მელიქიძემ.