ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიის Tencent ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და 439.6 ჰონგ-კონგური დოლარი შეადგინა. ამის წყალობით კომპანიის კაპიტალიზაცია 4.17 ტრილიონი ჰონგ-კონგურ დოლარამდე (534.5 მილიარდი აშშ დოლარი) გაიზარდა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ Facebook-ის კაპიტალიზაცია 519.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
CNBC-ის ინფორმაციით, Tencent პირველი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამაც 500 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მისგან განსხვავებით, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ-რითეილერის Alibaba კაპიტალიზაცია 474 მილიარდი აშშ დოლარია.
ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Tencent ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 2004 წელს გამოჩნდა და მისი ერთი აქციის ფასი 3.7 ჰონგ-კონგური დოლარი იყო, რის შემდეგაც მისი ღირებულება 11 000%-ზე მეტჯერ გაიზარდა.
დღესდღეობით მსოფლიოში მხოლოდ 6 ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის კაპიტალიც 500 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ეს კომპანიებია: Apple - $ 872.7 მილიარდი, Alphabet - $ 720.3 მილიარდი, Microsoft - $ 636.7 მილიარდი, Amazon - $ 542.7 მილიარდი, Tencent - $ 534.5 მილიარდი და Facebook - $ 519.4 მილიარდი.