ჩინურმა ენერგოკომპანიამ CEFC "როსნეფტში" წილის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. Reuters-ის ინფორმაციით, "როსნეფტის" ხელმძღვანელი იგორ სეჩინი და CEFC ხელმძღვანელი იე ზიანმინი ერთმანეთს ივლისის დასაწყისში უკვე 2-ჯერ შეხვდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა ინვესტიციის ჩადებას აპირებს ჩინური კორპორაცია "როსნეფტში", ან შეიძენს თუ არა რუსული კომპანიის ახალ ფასიან ქაღალდებს, თუ მისი დედა-კომპანიის "როსნეფტგაზის" აქციების წილს. შესაძლოა "როსნეფტმა" ჩინურ კორპორაციას CEFC საცალო ბიზნესის ნაწილი მიყიდოს.
Reuters-ის ცნობით, ჩინურ CEFC-ს "როსნეფტის" რესურსებთან წვდომა დიდ ბიძგს მიცემს იმისთვის, რომ მან შეძლოს კონკურენცია გაუწიოს ისეთ გიგანტებს, როგორიც მაგალითად, Glencore-ია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, რუსეთის მულტინაციონალური კორპორაცია "როსნეფტი" კი თავის მხრივ, კრემლში კავშირების მქონე ყველაზე გავლენიანი რუსული ნავთობკომპანიაა. CEFC-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ზაფხულში კომპანიებმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობას ითვალისწინებს ნავთობის მოპოვების, წარმოების, გადამუშავების, საცალო გაყიდვებისა და ფინანსური მომსახურების სფეროში. თუმცა "როსნეფტის" წილის შეძენასთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა.
ცნობილია, რომ რუსული "როსნეფტის" აქციების 19.75% -ს ბრიტანეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანია British Petroleum-ი (BP) ფლობს.