ჭოპორტის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკის ბაზაზე ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნება, მას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივი გამგეობის დახმარებით ხსნის.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ მათთვის ძნელად ხელმისაწვდომი სერვისებითა და ტექნიკური აღჭურვილობებით.
რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.
„მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ინოვაციების ცენტრები მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის“,- აღნიშნავენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.
როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ განუცხადა, ჭოპორტის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრში ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები.
აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში“,- აცხადებს ქაშიბაძე.
ტრენინგებში ჩაერთვება თბილისში არსებული ლაბორატორიები: ჯეოლაბი, სიჯი მულტილაბი, გეიმ ლაბი და ფაბლაბები.
ცენტრში მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა პროგრამირების ენების შესწავლას, რაც მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას დასაქმდნენ და ადგილიდან იმუშავონ სხვა კომპანიებისთვის, როგორც ადგილობრივ ისე გლობალურ ბაზარზე.
რეგიონალურ ინოვაციის ცენტრებში არის საერთო სამუშაო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი ღონისძიებებისთვის და კომპიუტერული ტრენინგ ოთახი. ცენტრები აღიჭურვება ასევე 3d პრინტერებით, ლეგო რობოტიქსით და მიკროელექტრონიკით.