„ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სკოლა სადაც მოსწავლეს ასწავლიან დასკვნა როგორ გამოიტანოს“, - ამის შესახენ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით თანამედროვე ტექნოლოგიების და ინტერნეტის დახმარებით ხანდახან ბავშვს უფრო ახალი ინფორმაცია აქვს, ვიდრე სახლმძრვანელოში წერია. როგორც მინისტრმა განმარტა სტატიკური ინფორმაციის დაზეპირებიდან, სკოლები მის ანალიზზე უნდა გადავიდნენ.
„ყოველ წელს რამდენიმე ათასით მეტი პირველკლასელი შედის სკოლაში. დემოგრაფია ჩვენს ქვეყანაში უმჯობესდება და მომდევნო წლებში სულ უფრო მეტი მოსწავლე შევა სკოლებში და უნდა ვუზრუნველყოთ ინფრასტრუქტურის განვითარება. რა თქმა უნდა სირთულეები არის, რამდენიმე სკოლაში ვაგვიანებთ პროცესს, თუმცა კონტროლის ფარგლებში. სკოლების 99%-ში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.
მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტი სანამ არ არსებობდა მასწავლებელს და სკოლას ინფორმაციაზე მონოპოლია ჰქონდა, მაგალითად რასაც გვეტყოდა ისტორიის მასწავლებელი ის უნდა დაგვეჯერებინა. ახლა ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ინტერნეტით გადაამოწმოს ინფორმაცია, დაგუგლოს და ხანდახან უფრო ახალი ინფორმაცია აქვს ხოლმე ბავშვს, ვიდრე სახელმძღვანელოში წერია. ჩვენ ვართ გადასაწყობი, ისეთი სკოლიდან სადაც ინფორმაცია იყო სტატიკური და დასაზეპირებელი, ისეთზე სადაც ყოველდღიურად შემოდის ახალი ინფორმაცია და ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადთან გამკლავება.
ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სკოლა სადაც მოსწავლეს ასწავლიან დასკვნა როგორ გამოიტანოს. ჩვენ შევძლებთ რომ სკოლის პროფილი და ორიენტაცია შევცვალოთ და ჩვენს მასწავლებლებს შესწევთ ამის უნარი. სკოლა უნდა გახდეს უფრო სიახლეების ათვისებაზე და ანალიზზე დაყრდნობილი, ვიდრე სტატიკური ცოდნის დამახსოვრებაზე.