""სითი პარკის“ თემა ძალიან რთული და კომპლექსურია", - განაცხადა გადაცემაში „საქმის კურსი“ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისი განცხადებით, მერიის დაპირება იყო, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას გადახედავდნენ, თუმცა მისი თქმით, პრობლემა შექმნა იმ ფაქტმაც რომ ხელშეკრულების ნაწილი საიდუმლო იყო.
"ჩვენმა წინამორბედებმა ხელშეკრულების ნაწილში იმდენად ითავხედეს, რომ მისი ცალკეული მუხლები საიდუმლოც კი იყო. მას გრიფით საიდუმლო ედო და ჩვენ ეს გრიფი ავხსენით და ვებ-გვერდზე დავდეთ ’’სითი პარკის“ ხელშეკრულება, რათა ჩვენს მოქალაქეებს ენახათ როგორი დანაშაულებრივი ხელშეკრულება დადო მაშინდელმა ხელისუფლებამ. თუკი 25 მილიონს გადავიხდიდით შეიძლებოდა ამ პროექტის გაჩერება, თუმცა ამ თანხის გამოძებნა ბიუჯეტში სწრაფად ვერ მოხერხდა, მაშინ სხვა პროგრამა უნდა გაგვეჩერებინა. აღნიშნული თანხა მარტივი გადასახდელი არ არის იმ კომპანიისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი ფული ჩაიჯიბა. სხვა კომპანიის შემოსვლის შემთხვევაშიც თუ მკაცრი ადმინისტრაციული მექანიზმები არ იქნა მიღებული, დისკომფორტი მუდმივად იქნება. თუ თბილისში 2010 წელს საშუალოდ 200 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღევანდელი მონაცემებით 400 ათასზე მეტი მანქანა გადაადგილდება ყოველდღიურად. შეზღუდული პარკინგის პირობებში ძალიან რთულია დისკომფორტის გარეშე ავტომობილის დაყენება. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ მრავალსართულიან პარკინგებზე ფიქრი და ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის შემდეგ ათი ადგილი შევარჩიეთ“, - ამბობს ნარმანია.