უალკოჰოლო სასმელების მარკირების აპარატი დღეში 2-3-ჯერ ფუჭდება, რაც საწარმოო პროცესს აფერხებს, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტთან“ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ იურისტმა პაატა გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, მარკირების აპარატი, რომელსაც შვეიცარიული კომპანია „სიქპა“ აკონტროლებს, გაუმართავია, რაც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნითაც დასტურდება.
"მარკირების აპარატის პრობლემა არის ის, რომ ის არის გაუმართავი, აქვს ბევრი ტექნიკური პრობლემა. თვითონ კანონში წერია, რომ შეფერხების დროს თუ 3 საათში ვერ მოახდინეს ხარვეზის აღმოფხვრა, გვაქვს უფლება, რომ არამარკირებული პროდუქცია გამოვუშვათ, რაც წინაარმდეგობაში მოდის კანონთან, მაშინ რატომ ვითვლით საერთოდ და რატომ ვახდენთ მარკირებას?
მექანიზმის დაზიანების ფაქტები ფიქსირდება დღეში 2-3-ჯერ და ეს 10 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება. ამის საფუძველზე ჩვენ მივმართეთ ლევან სახარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს და მათ დაგვიდგინეს, რომ ნამდვილად ხარვეზით მუშაობს აპარატი, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვახდენთ შესაბამისი პროდუქციის გამოშვებას, რაც კომპანიის ზარალია. მით უმეტეს, რომ ჩვენთან თანამშრომლები საათობრივ ანაზღაურებაზე არიან“,- აცხადებს პაატა გაბუნია.
მისი განმარტებით, სწორედ ამ მიზეზის გამო კანონი, რომელიც სავალდებულო მარკირებას ეხება, არაკონსტიტუციურია, რადგანაც საკუთრების განკარგვასა და მის რეალიზაციას უზღუდავს კომპანიებს. ამ მიმართულებით არაალკოჰოლური კომპანიების საჩივარს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო კომპანიების სარჩელის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192 -ე მუხლის კონსტიტუციურობას შეამოწმებს.
რაც შეეხება სავალდებულო მარკირების თანხას, რომელიც 1000 ბოთლზე 5,5 ევროს შეადგენს და რომელსაც დღეს სახელმწიფო იხდის, კომპანიები გადაჭარბებულად აფასებენ. პაატა გაბუნიას თქმით, ბიზნესი ფიქრობს, რომ ფინანსთა სამინისტრო მარკირების საფასურის გადახდაზე უარს იტყვის და ამ თანხების დაფარვა მალე თავად მოუწევთ, რაც პროდუქციას გააძვრირებს. როგორც კომპანიები აღნიშნავენ, თითოეულის მხრიდან წლიურად მარკირების გადასახადი დაახლოებით 1 მილიონი ლარი იქნება.