ლუდი Corona-ს დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ, მისი ანდერძი მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოხვდა. მიზეზი კი ისაა, რომ გავრცელებული ინფორმაციით მან ყველა თავის თანასოფლელს 2 მილიონი დოლარი დაუტოვა. ანტონინო ფერნანდესის ანდერძის შესახებ გასულ კვირას წერდა BBC, independent, Press Association, - თუმცა რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტი, რომ მილიარდერის ყველა თანასოფლელი დღეს მილიონერია, უცნობია.
დღეს ბრიტანული Independent წერს, რომ მათ მიერვე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და ბიზნესმენმა საკუთარი ქონება მხოლოდ ოჯახს დაუტოვა. გამოცემა ამჯერად ფერნანდესის თანასოფლელების კომენტარებს ეყრდნობა და წერს, რომ მათ თანხა არ მიუღიათ.
თუმცა დადასტურებული ფაქტია, რომ ბიზნესმენმა თავის მშობლიურ სოფელს საკმაოდ დიდი ქონება დაუტოვა, ის ასევე წლების განმავლობაში აფინანსებდა ყველა კულტურულ ღონისძიებას მის სოფელში.
ფერნანდესს საკუთარი შვილი არ ჰქოლია, თუმცა მას საკმაოდ დიდი სანათესაო დარჩა და მემკვიდრეობა სწორედ მის ბიძაშვილებსა და დეიდაშვილებს დარჩათ.
ანტონინო ფერნანდესი ესპანეთში 1917 წელს დაიბადა, თუმცა კარიერა მექსიკაში აიწყო. მისი სოფლის მოსახლეობა სულ 80 კაცისგან შედგება და გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თითოეულ მათგანს დაახლოებით, 2,5 მილიონი დოლარი უნდა შეხვედროდათ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლუდის დამფუძნებელი აგვისტოში გარდაიცვალა.
Nypost წერს, რომ მან მშობლიურ სოფელს, სადაც 13 დედმამიშვილთან ერთად გაიზარდა ჯამში 210 მილიონი დოლარი დაუტოვა.