მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებას ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი განიხილავს.
- ბატონო ცოტნე, შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული, რა არის ამის მიზეზი?
- მნიშვნელოვანი გადაჭარბეაა საგადასახადო შემოსავლების კუთხით. სახელმწიფო ბიუჯეტში ეს პარამეტრი გადაჭარბების მიმართულებით 112 მილიონს შეადგენს, მე ყურადღებას გავამახვილებ ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრზე, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პარამეტრზე, ვინაიდან ეს კომპლექსურ სურათს იძლევა საგადასახადო შემოსავლების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს 140 მილიონიანი გადაჭარბება პირველ 9 თვეში დაგეგმილ პარამეტრთან შედარებით. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი შემოსავლების გადაჭარბებისას სახელმწიფო ბიუჯეტისთისაც.
- დღგ-ის ნაწილში ჩამორჩენაა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობა იმ დოზით არ არის რა დოზითაც მთავრობა ვარაუდობდა რომ იქნებოდა?
- ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის 1 იანვრიდან ძალიან დიდი რეფორმა განახორციელა. ეს ეხება ერთიანი საგადასახადოს სახაზინო კოდის რეფორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში და ზოგადად, როგორც სახელმწიფო, ისე ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებშიც გადასახადები უკვე დეკლარაციების მიხედვით შედის და არა ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მიხედვით, ანუ ბიუჯეტში ჩარიცხული გადასახადები შესაბამისობაში არის ბიზნესის მიერ დეკლარირებულ გადასახადებთან.
როდესაც ფინანსთა სამინისტროში ინფორმაციის ანალიზი მიმდინარეობდა, დეკლარაციებთან საკასო მონაცემების სხვაობა მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ამის გამო დაიგეგმა და განხორციელდა ეს რეფორმა. აღნიშნულმა რეფიორმამ, რა თქმა უნდა, გადასახადის გადათამაშება მოგვცა სახეებს შორის.
- რატომ იზრდება შიდა ვალი, მითუმეტეს როდესაც ჩვენ ვუყურებთ, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების თვალსაზრისით ძალიან სერიზოული ჩამორჩენაა?
- ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს საგარეო დაფინანსების კუთხით როგორც გრანტები, ისე კრედიტების ნაწილი. ეს კატეგორიები არა მარტო ქართული ინსტიტუტების მოქმედებაზეა დამოკიდებული, არამედ ჩვენს დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე.
- მასშტაბის შესახებ რომ გვქონდეს ინფორმაცია, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტებიდან გეგმის მხოლოდ 6%-ია ათვისებული და კრედიტებიდან ჯერ 1 ლარიც არ არის ბიუჯეტში შესული, ანუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ამხელა სხვაობა მოგცეთ, თუ იქ არ არის კიდევ სხვა პრობლემა, გარდა ამ კომუნიკაციისა დინორებთან?
- შესაძლებელია გადავადება მოხდეს. მაგალითისთვის მოვიყვან აზიის განვითარების ბანკის კრედიტს, ეს არის 100 მილიონი დოლარი, პრაქტიკულად სექტემბრის დასაწყისისთვის ყველა პროცედურა დასრულებული იყო, ერთადერთი პროცედურა არის დარჩენილი პარლამენტის მიერ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება, თუმცა მოგეხსენებათ, რომ პარლამენტი სექტემბრის თვეში არ შეკრებილა და რატიფიცირება ვერ განხორციელდა. პირველივე სხდომებზე მოხდება აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება და ეს თანხა მიღებული იქნება. ეს არის დაახლოებით 240 მილიონი დოლარი. ამ სახის ტექნიკურ გადავადებებზეა საუბარი, სხვა მხრივ არანაირი პრობლემები არ არსებობს, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ.
- ტექნიკური გადავადებები ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველოს მთავრობას უჭირს დონორებს დაუსაბუთოს, რომ რეალურად ნაწილი ათვისებულია და ახლა დგას შემდგომი ნაწილის ათვისების საჭიროება. ამ ტიპის კომუნიაკციური ნაკლებობაც ხომ არ არსებობს?
- ჩვენ ბიუჯეტში გეგმებს ყველაზე საუკეთესო მოლოდინების მიხედვით ავსახავთ, თუმცა შესაძლოა ეს საუკეთესო მოლოდინები არ გამართლდეს. არც დონორებს არ ვაბრალებ არაფერს და ჩვენი მხრიდან ეს გადავადება ობიექტური მიზეზების გამო შეიძლება განხორციელდეს. რაც შეეხება არსებობს თუ არა დონორებთან კომუნიკაციის პრობლემა, ჩვენ ასეთი პრობლემა არასდროს არ გვქონია. პირიქით, მუდმივ რეჟიმში აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან. როგორც უკვე მოგახსენეთ, აზიის განვითარების ბანკისგან პრატქიკულად უკვე მიღებულია საკრედიტო რესურსი. ასევე დასაბუთებულია ყველა საბიუჯეტო დაფინანსების მიმართულებით ის საგრანტო მისაღები ნაწილი, რასაც უკვე წლის ბოლოსთვის ველოდებით.