Cushman&Wakefield Georgia უახლოეს წლებში საქართველოში საოფისე ფართების 60-70 000 კვადრატული მეტრით გაზრდას პროგნოზირებს. როგორც ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის რეგიონალურმა დირექტორმა გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოში მაღალი კლასის საოფისე ფართები 150 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ნინო რუხაძე საოფისე ფართების განვითარებას უახლოეს წლებში დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ელოდება.
"კომერციული უძრავი ქონება ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობასთან. უფრო მეტიც, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა პირდაპირ პროპორციულია კომერციული უძრავი ქონების წინსვლისა და განვითარებისა ქვეყანაში. წლების მანძილზე ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვან ეტაპებსა და პერიოდს გადიოდა და ვითარდებოდა. დღესდღეობით კომერციული უძრავი ქონების მიმართ მზარდი მოთხოვნა და შესაბამისი მიწოდება გვაქვს და ასევე ძალიან ბევრი ამბიციური და პერსპექტიული გეგმები.
მოსაზრება არსებობს ჭარბი მიწოდებასთან დაკავშირებით ბოლო წლებში, მითუმეტეს დაგეგმილ მშენებლობებთან მიმართებაში ეს იქნება სავაჭრო ცენტრების თუ ბიზნესცენტრების მიმართულებები. დღეის მონაცემებით, საქართველოში არსებობს მაღალი კლასის დაახლოებით 150 000 კვადრატი საოფისე ფართი, რომლებიც ქალაქში სხვადასხვა ბიზნესცენტრების სახით არის წარმოდგენილი და მათში ვაკანტურობა, ანუ პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 8%-დან 9%-მდე მერყეობს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ამან იმის ამბიცია გააჩინა დეველოპერების მხრიდან, რომ უფრო ახალი და მასიური პროექტები დაწყებულიყო. ამიტომაც, უახლოეს წლებში ბაზარზე საოფისე ფართების სახით დამატებით 60 -70 000 კვადრატულ მეტრს ველოდებით, რომელიც უფრო ცენტრალიზებული იქნება, ანუ ცენტრალურ უბნებში განთავსდება. მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ჭარბი მიწოდება ნამდვილად არ იქნება, თუმცა ჭარბი მიწოდები შემთხვევაშიც ჩვენი კომპანია Cushman & Wakefield Georgia ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ მეტი კონკურენციის საბაბი გახდება. დეველოპერებს კიდევ მეტი ამბიცია გაუჩნდებათ, რომ მათი ბიზნესცენტრები უფრო საერთაშორისო სტანდარტის და კონკურენტუნარიანი იყოს. მათ, რა თქმა უნდა, საფასე პოლიტიკის თავიდან გადახედვა მოუწევთ. ამ ჭარბ მიწოდებას ჩვენ უფრო პოზიტიურ ჭრილში ვხედავთ, ვიდრე - ნეგატიურში", - განაცხადა რუხაძემ.