საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო -სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის რეფერენდუმის გაუქმებას, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება შესაძლოა შეეხოს ჩანაწერს საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რომ ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად.