პარლამენტს 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია წარედგინა. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 441.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 48.0 მლნ ლარით, მათ შორის:
შემოსავლები - 10 314,2 მლნ ლარი (გაზრდილია 99,2 მლნ ლარით);
საგადასახადო შემოსავლები - 9 490.0 მლნ ლარი (გაზრდილია 20,0 მლნ ლარით), მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 780.0 მლნ ლარით;
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 630.0 მლნ ლარით;
2018 წლის ბიუჯეტში მოგების გადასახადი 2017 წელზე ნაკლები მოცულობით არის დაგეგმილი, რაც გამოწვეულია მოგების გადასახადის რეფორმით, კერძოდ მიმდინარე წელს (1 აპრილამდე) მოგების გადასახადში შემოვიდა კომპანიების მიერ დეკლარირებული 2016 წლის მოგებიდან წარმოქმნილი მოგების გადასახადი.
(2017 წლამდე არსებული ნორმებით, 4 ჯერ საავანსოს იხდიდნენ წლის განმავლობაში და მომდევნო წლის პირველ აპრილამდე ფაქტობრივი მოგების გადასახადთან სხვაობას იხდიდნენ მოგების გადასახადის დეკლარაციასთან ერთად).
ახალი მოგების გადასახადის რეგულაციით კომპანიები საავანსოებსაც აღარ იხდიან და არც მომდევნო წლის აპრილში ექნებათ დასადეკლარირებელი და გადასახდელი თანხა.
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 400.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 9,9 პროცენტს შეადგენს;
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით .
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 56.2 მლნ ლარით და განისაზღვრა 12 459.5 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 058.5 მლნ ლარს, გრანტები - 164.2 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 236.8 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 720.9 მლნ ლარს, მათ შორის:
შრომის ანაზღაურება - 1 413.6 მლნ ლარი;
საქონელი და მომსახურება - 1 201.3 მლნ ლარი;
პროცენტი - 550.0 მლნ ლარი;
სუბსიდიები - 445.0 მლნ ლარი;
გრანტები - 1 379.0 მლნ ლარი;
სოციალური უზრუნველყოფა - 3 492.8 მლნ ლარი;
სხვა ხარჯები - 1 239.3 მლნ ლარი.