თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საჯარო განხილვებზე მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მერიას ორ კვირაში გადაეგზავნება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, სხვადასხვა სამინისტროებიდან მიღებული მოსაზრებების გარკვეული ნაწილი გენგეგმაში უკვე აისახა და ახლა არქიტექტორები კიდევ რამდენიმე უწყებისგან ელოდებიან რეკომენდაციებს.
"ჩვენ მერიას ორ კვირაში მასალები უნდა ჩავაბაროთ. სამინისტროებისგან ვიღებთ რეკომენდაციებს. ეს არსებითი ხასიათის არ არის, თუმცა თუ მისაღებია, ვითვალისწინებთ“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ და ერთ-ერთი რეკომენდაციის მაგალითად სეისმური რუკის შედგენა დაასახელა.
"გვთხოვეს, რომ თბილისის რაიონების სეისმური რუკის შედგენა მოკლევადიან ღონისძიებებში ავსახოთ და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ“, - აღნიშნა არქიტექტორმა.
რაც შეეხება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებას, მერაბ ბოლქვაძის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მერია დოკუმენტს საკრებულოს გადაუგზავის, საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა, თემატური განხილვები დაიწყოს, თუმცა როდის უყრიან დეპუტატები გენგეგმას კენჭს და მოესწრება თუ არა ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საჯარო განხილვების ფორმატში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დაინტეტრესებულ პირებს ავტორებმა ივლისი-აგვისტოს პერიოდში გააცნეს.