Home
Category
TV Live Menu

"დაცვის პოლიცია თავისი საქმიანობით ხელს უშლის კერძო ბიზნესს"

5996b0e9cdb94
BM.GE
18.08.17 15:00
1324
"დაცვის პოლიცია თავისი საქმიანობით ხელს უშლის კერძო ბიზნესს",- ამის შესახებ "საქმის კურსს" GPS მონიტორინგის კომპანია United Security-ის ხელმძღვანელმა დავით მუმლაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, წლებია დაცვის პოლიცია კონკრეტულ კომპანიასთან ერთად ფიზიკურ და იურიდიულ პირებს GPS მომსახურებას უწევს.

"არ შეიძლება ბიზნესის მიერ გადახდილი საბიუჯეტო სახსრებით შეიქმნას სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც იმავე სფეროში კონკურენციას გაუწევს ბიზნესს და ამავდროულად ამ ბიზნესის მაკონტროლებლის ფუნქციაც ექნება, რასაც, სამწუხაროდ, GPS მონიტორინგის - ამ თანამედროვე ტექნოლოგიების შემთხვევაში აქვს ადგილი",- აცხადებენ კომპანიაში.

დავით მუმლაძის თქმით, დაცვის პოლიციის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის არასწორად ხარჯვაზე საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. საკითხი ეხება დაცვის პოლიციის მიერ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ გაწეულ GPS მომსახურებას და აქედან მიღებულ შემოსავლებს.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაცვის პოლიცია GPS მომსახურების გაწევისას მხოლოდ შუამავლის ფუნქციას ასრულებს დამკვეთსა და კომპანია „კასა ტრეიდს” შორის, შემოსავალს კი პრაქტიკულად არ იღებს. კერძოდ, სისტემა ასეთია: დაცვის კომპანიას უკავშირდება დამკვეთი, დაცვის პოლიცია სპეციალურ სისტემას ყიდულობს „კასა ტრეიდისგან“, შემდეგ მასვე ამონტაჟებინებს, დამონტაჟების შემდეგ მომსახურებას ისევ „კასა ტრეიდი“ ახორციელებს. მომსახურების საფასურს (რომელიც სხვადასხვა კლიენტებისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა ოდენობით - თვეში 20 ლარიდან 40 ლარამდე თითო ავტომანქანაზე დღგ-ს ჩათვლით) კლიენტი უხდის დეპარტამენტს. აღნიშნული თანხიდან დეპარტამენტი შპს "კასა ტრეიდს" უხდის თვეში 10 ლარს.

აუდიტის სამსახურმა დაითვალა აღნიშნული სახის საქმიანობიდან მიღებული ფინანსური შედეგიც. 2013-2016 წლების შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლების ანალიზით აუდიტის სამსახური ადგენს, რომ GPS მომსახურებიდან დეპარტამენტი პრაქტიკულად მოგებას ვერ ღებულობს.

დავით მუმლაძის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დაცვის პოლიცია მომსახურებას ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებაზე ნაკლებ თანხად ყიდის, რაც მას, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტსაც აზარალებს.

"აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში დაცვის პოლიციას მოუწოდებს, ან შეეშვას ამ ბიზნესს, ან გაზარდოს მომსახურების ტარიფები და გავიდეს მოგებაზე. ეს ფული ხომ ბიუჯეტიდან არის მიღებული. კომპანია წაგებაშია და შესაბამისად, ფულიც ბიუჯეტიდან იხარჯება“,- აცხადებს დავით მუმლაძე.

მისი თქმით, მოდელი, რომლითაც ახლა დაცვის პოლიცია მოქმედებს კატეგორიულად მიუღებელია.

"დაცვის პოლიცია ფირმების ნაწილის, რომლებიც დაცვის ბიზნესში არიან, მაკონტროლებელიც არის და კონკურენტიც. სრული ანომალიაა“,- აცხადებს დავით მუმლაძე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ დაცვის პოლიცია წლებია "კასა ტრეიდთან" თანამშრომლობს და მისგან პროდუქციას დაახლოებით 46%-იანი ფასნამატით ყიდულობს. აღნიშნულიდან გამომდინარე დავით მუმლაძეს კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვებიც აქვს.

Subscribe to our news

Get the main news of the day