ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დაინერგება ტექდათვალიერების პროცესის ერთიანი, ცენტრალიზებული მართვის სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგების დადებას. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შემუშავდება მოთხოვნები ტექდათვალიერების განმახორციელებელი შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და ტექნიკური პერსონალის მიმართ.
„ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას უნდა მოჰყვეს ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღევანდელი ვითარება, რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.
ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილიც ავტომობილების გაუმართავობაზე მოდის“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2018 წელს უნდა ამოქმედდეს.