ACT-ის მიერ გაეროს განვითარების ფონდისთვის მომზადებული კვლევა - "დამსაქმებელთა დამოკიდებულების კვლევა პროფესიული განათლების მიმართ" აჩვენებს, რომ კომპანიების ნახევარზე მეტისთვის პროფესიული დიპლომის ფლობა არ არის კურსდამთავრებულის კვალიფიკაციის დამადასტურებელი.
კვლევის ფარგლებში შეფასდა გამოკითხული ორგანიზაციების დამოკიდებულებები ზოგადად პროფესიული განათლების სისტემის მიმართ. ორგანიზაციებმა შეაფასეს პროფესიული განათლების მქონე პირების კომპეტენციები და კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე და ასევე გამოთქვეს მოსაზრებები პროფესიული განათლების სისტემის პრესტიჟულობასთან დაკავშირებით.
როგორც კვლევამ უჩვენა, რესპოინდენტების ნახევარზე მეტისთვის (53%) პროფესიული დიპლომის ფლობა ჯერ კიდევ არ არის კურდამთავრებულის კვალიფიკაციის დამადასტურებელი. საპირისპირო მოსაზრება აქვს გამოკითხულების ¼-ს, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროფესიული დიპლომის ფლობა ავტომატურად ნიშნავს კურსდამთავრებულის მაღალ კვალიფიკაციასაც, იმის მიუხედავად, დიპლომი სახელმწიფო, თუ კერძო სასწავლებლის მიერ არის გაცემული. რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც ცალსახად საჯარო ან ცალსახად კერძო დიპლომს უკავშირებენ კურსდამთავრებულის მაღალ კვალიფიკაციას, უმნიშვნელოა და არ აღემატება 13%-ს.
კვლევამ უჩვენა, რომ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულების პროფესიონალიზმზე გამოკითხულების მოსაზრებები არცთუ სახარბიელოა. დამსაქმებლების 43% თვლის, რომ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ცუდად ფლობენ პროფესიას და სჭირდებათ ტრენინგი დიდი დოზით. კურსდამტავრებულების მიერ პროფესიის ისე ფლობაში, რომელიც დამატებით ტრენინგს არ საჭიროებს, დარწმუნებულია გამოკითხულთა მხოლოდ 43%.
დამსაქმებლებმა გამოთქვეს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნარ-ჩვევების ნაკლებობას განიცდიან პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები. ყველაზე დიდი სიხშირით დასახელდა პროფესიის შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონა, რაზეც გამოკითხულების 50% საუბრობს. ასევე, სიხშირის მიხედვით, დაახლოებით, ნახევარს უტოლდება ისეთი უნარ-ჩვევები როგორებიც არის: უცხო ენების არასათანადო დონეზე ფლობა (49%), დროის მენეჯმენტი (48%), სამუშაო რეჟიმთან ადაპტირება (47%), თეორიული ცოდნის შეუსაბამობა პრაქტიკულ მოთხოვნებთან (47%) და არაადეკვატური ამბიციები 42%).
რესპონდენტები გამოყოფენ იმ მიზეზებს, რომლებიც მათი აზრით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულების დასაქმების დაბალ მაჩვენებელს განაპირობებს. პირველ რიგში, ამას ზოგადად, სამუშაო ადგილების სიმცირეს უკავშირებენ (59%), თუმცა, გამოკითხულთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი - 41% დასაქმების დაბალ მაჩვენებელს შრომის ბაზართან სასწავლებლების ნაკლებ კავშირსაც მიაწერს (41%). ყოველი მეოთხე რესპონდენტი ასევე საუბრობს პროფესიულის სასწავლებლების პროგრამების დაბალ ხარისხზე.
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების პოტენციურმა დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა. კვლევის ფარგლებში სულ 279 ორგანიზაცია გამოიკითხა.