სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავალის" ფარგლებში ყველაზე მოთხოვნადი კულტურა კაკალია. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში "დანერგე მომავალის" ხელმძღვანელი ლევან დოლიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში მრავალწლოვანი კულტურები სულ 3500 ჰექტარზეა გაშენებული და აქედან 1200 ჰა სწორედ კაკალს უჭირავს. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნადია ვაშლის, ნუშისა და თხილის კულტურები.
რაც შეეხება რეგიონულ გადანაწილებას, ყველაზე მეტი ფართობი - 1000 ჰა-ზე მეტი - შიდა ქართლშია გაშენებული, შემდეგ მოდის კახეთი დაახლოებით ამავე რაოდენობით და ქვემო ქართლი, ასევე სამეგრელო, იმერეთი და სხვა რეგიონები.
ლევან დოლიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო პროგრამას სულ 600-მდე ბენეფიციარი ჰყავს. ბენეფიციარების რაოდენობითაც შიდა ქართლი ლიდერობს.
2015 წლის თებერვლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში 17 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული. გაშენებულია სულ 3500 ჰა-ზე მეტი ფართობი.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს სახელმწიფო ბაღის გაშენებისას ნერგების ღირებულების 70 %-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს უფინანსებს.