აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
საწარმო წებოვან ცემენტს, თუნუქის სახურავებს, ლურსმნებს, მავთულს, საფასადე და მოსაპირკეთებელ მასალებს, წყლისა და საკანალიზაციო მილებს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს და სხვა პროდუქციას აწარმოებს.
"აჭარაში წარმოების სექტორი ძალიან აქტიურად მუშაობს. მხოლოდ აქ სამრეწველო ზონაში დაახლოებით 100 საწარმო ფუნქციონირებს. დღეს ჩვენ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახსნილი კიდევ ერთი საწარმოს მუშაობას გავეცანით. ინვესტორმა 4 მლნ ლარის დაფინანსება მიიღო. დამატებით 2 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს და მომდევნო წელს 1 მლნ ლარის განხორციელებას გეგმავს. სამუშაო პროცესში 120 მოქალაქეა დასაქმებული და სამომავლოდ კიდევ 50 დაემატება.
ვაგრძელებთ წარმოებით დაინტერესებული მეწარმეების ხელშეწყობას.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სწორედ საწარმოო სფეროს განვითარებით მიღებული დასაქმების მაღალი მაჩვენებელია. სამომავლოდ კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება,სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან და ბუნებრივია რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაძლიერდება"-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
ახალი საწარმო "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. ინვესტორმა 4 000 000 ლარი დაფინანსება მიიღო და ხელშეკრულების მიხედვით 7695 კვ. მ ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო. ამ ეტაპზე უკვე 2 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მხოლოდ 2017 წელს დამატებით დაახლოებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
დღეისათვის საწარმოში ჯამში 120 მოქალაქეა დასაქმებული და კომპანიის განცხადებით სამომავლოდ კიდევ 50 დაემატება. შპს "დარ კაპიტალი" პროდუქციის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში გეგმავს.
მთავრობის წევრებს საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია შპს „დარ კაპიტალის“ დირექტორმა ბადრი ხიმშიაშვილმა გააცნო.