Home
Category
TV Live Menu

დასაქმების სააგენტოების მონაცემებით, 2016 წელს წინა წელთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა

588d0081a715c
BM.GE
29.01.17 16:30
875
საქართველოში დასაქმების სააგენტოების მონაცემებით, 2016 წელს წინა წელთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა.

2016 წლის შედეგებსა და მიმდინარე წლის მოლოდინებზე hr.com.ge-ის კომერციული დირექტორი ეთო ლეშჩინსკაია ’’საქმიან დილასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გასულ წელს ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით 35%-მდე გაიზარდა და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. მისივე თქმით, ვაკანსიების მატება ბაზარზე კონკრეტული პოზიციების შევსებამ და ახალი კომპანიების გამოჩენამ განაპირობა.

"დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიების დაახლოებით 35%-იანი ზრდა იყო. მატება კონკრეტული პოზიციების შევსების საჭიროებამ და კომპანიების დამატებამ განაპირობა, რაც წარმოების მიმართულებით უფრო შეინიშნება. რამდენიმე საშუალო და პატარა საწარმო შეიქმნა, რომელსაც ავტომატურად კადრების საჭიროება გაუჩნდა. ბოლო ორი წლის მანძილზე აქტუალური სფეროა სასტუმრო-რესტორნების კვების მიმართულება, რომელიც 2018 წლის ჩათვლით, კიდევ დიდი რაოდენობით მოიმატებს, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების თვალსაზრისით, რაც დღეს გამოთვლილ ციფრს აუცილებლად გაზრდის“, - ამბობს hr.com.ge-ის კომერციული დირექტორი.

როგორც ეთო ლეშჩინსკაია აცხადებს, ამ მიმართულებით მიმდინარე წელიც მატებითა და დადებითი იმპულსით იქნება გამორჩეული, თუმცა ეს გარკვეული სფეროების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

"2017 წელიც აუცილებლად შემოგვთავაზებს მატებას, რაც გარკვეული სფეროების განვითარებაზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა ბევრი პოზიცია გაჩნდება, რომელიც რაღაც პერიოდულობით, დროებით ივსება და სტუდენტებით ჯერდება. ეს აუცილებლად დადებითი მუხტია და რაც უფრო დიდი რაოდენობით იქნება, მით უფრო ბევრ სტუდენტს მიეცემა საშუალება ისწავლოს რა არის სამსახური და საკუთარი კარიერის დასაგეგმად კიდევ უფრო უკეთესად მოემზადოს“, - აღნიშნა ლეშჩინსკაიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ბაზრის მოთხოვნა სასურველი პროფილის კადრებით უმეტეს შემთხვევაში ვერ კმაყოფილდება, hr.com.ge-ის კომერციული დირექტორის განმარტებით, აღნიშნული პრობლემა ბოლო 10 წელია აქტუალურია და ამ მხრივ, გამორჩეულია ტექნიკური მიმართულებების პოზიციები. მისივე თქმით, ფინანსურ სექტორზე მოთხოვნა არასოდეს შეჩერებულა და პირიქით, იგი მზარდი და ერთ-ერთი გამორჩეულია.

"ფინანსური სექტორი ყოველთვის მოთხოვნადია, რომელსაც პროცესი არასოდეს შეუჩერებია და ზრდისა და მოთხოვნის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორია. ეს ინტერესი და განვითარება კი ერთად იმ დიდ და წარმატებულ ბირთვს ქმნის, რომელსაც ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს პლატფორმაზე ბოლო 2 წელია ახალი ნაკადი გამოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა შესაძლებლობა არც იყო და ბაზარს მუდმივად გადასაქმების საშუალება არ ჰქონდა, გარკვეული წლების მანძილზე ერთი და იგივე სპეციალისტები ჩანდნენ. დღეს ვითარება შეიცვალა, კომპანიებიც უფრო მოტივირებულები არიან ახალი კადრების ასაყვანად, რადგან სპეციალისტს თუ წარმატებული კარიერა აქვს, მას გარკვეული მოთხოვნები გააჩნია, რომელიც კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რასაც კომპანიები ერიდებიან“- ამბობს ლეშჩინსკაია.

Subscribe to our news

Get the main news of the day