საქართველოს ტურისტულ ბიზნესში განვადებით დასვენების სერვისი მოთხოვნადი არ არის. „კომერსანტის" მიერ გამოკითხული რამდენიმე ტუროპერატორი აცხადებს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს – მომხმარებელს განვადებით დასვენება არ ხიბლავს, ბანკები კი ამ სახის სესხს მარტივად არ ამტკიცებენ.
ტურისტული კომპანია star travel-ის ხელმძღვანელი თათია სუხიტაშვილი აცხადებს, რომ მის კომპანიაში ტურების განვადების სერვისი მოქმედებს, თუმცა, მისი წილი მთლიან გაყიდვებში 10-15 პროცენტზე მეტს არ შეადგენს.
ტურისტული Lovetravel-ში კი ამბობენ, რომ განვადებით დასვენების მსურველები არიან, თუმცა, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 15-20 პროცენტს არ სცდება. მათი თქმით, კომპანია დაინტერესებულებს უპროცენტო განვადებას სთავაზობს, თუმცა, ქართველების უმრავლესობა დასვენებას განვადების გარეშე ამჯობინებს.
Calypso M-TOUR -ში ამბობენ, რომ განვადების სერვისი უკვე ერთი წელია გაუქმებული აქვთ. მიზეზი მომსახურე „პრივატ ბანკის" დახურვა გახდა. კომპანიაში ამბობენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ განვადებით ტურების გაყიდვა არცთუ პოპულარობით სარგებლობდა, „პრივატ ბანკის" დახურვის შემდეგ თანამშრომლობა სხვა ბანკთან აღარ გააგრძელეს. მათი თქმით, ერთია მოთხოვნა, მეორეა ბანკის მიერ სესხის დამტკიცება.
განვადების სერვისი არ აქვთ ტურისტულ კომპანია nonstoptravel-ში. კომპანიაში ამბობენ, რომ საზღვარგარეთ წამსვლელთა გარკვეული კატეგორია კითხულობს ამ სერვისს, თუმცა, მათი წილი ძალიან მცირეა. მიუხედავად ამისა, როგორც nonstoptravel-ში აღნიშნავენ, უახლოეს მომავალში შესაძლოა კომპანიამ მომსახურებებში ტურების განვადების გაყიდვის სერვისი დაამატოს.
GM Travel–ის ხელმძღვანელი გოგა ქუცნიაშვილი ამბობს, რომ „სამოგზაურო კრედიტი“ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაში პრაქტიკულად ვერ მუშაობს, რადგან ვისაც განვადება სურს, იმას ბანკი არ აძლევს სესხს, ხოლო ვისაც სესხის აღება შეუძლია, მას ის არ სჭირდება.
სფეროს წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნულმა პროგრამებმა 2007–2008 წლებში, კრიზისამდე საკმაოდ წარმატებულად იმუშავა, თუმცა კრიზისის შემდეგ მომხმარებელს, როგორც ჩანს, კრედიტის აღებისას დასვენებასთან შედარებით სხვა პრიორიტეტები აქვს.
"კომერსანტი"