საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დანიშვნის თაობაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" დავით კირვალიძემ განუცხადა, ის უშუალოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მრჩეველი იქნება.
რაც შეეხება ე.წ. "ტრაქტორების საქმეს", რომლის გამოც, 2013 წელს დავით კირვალიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი დატოვა, პრემიერის მრჩეველი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"ეს უკვე ჩვენი პირადი საქმეა", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან 2013 წლის მაისში ე.წ. ტრაქტორების საქმის გამო გადადგა. საქმე იმაში იყო, რომ 2013 წლის მაისში, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას, სამსახურებრივ გულგრილობასა და ექსპერტებზე ზეწოლის გამოძიებას ეხებოდა. თუმცა 2014 წლის თებერვალში, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა. პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა და ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გაფლანგვას გულისხმობს, ბრალი მოუხსნა. ბრალდების სხვა ნაწილზე კი, განრიდება გააკეთა და სარჩელი გაითხოვა.