თბილისის მერი დავით ნარმანია „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში იმ მიზეზებს ასახელებს, რომლებიც თბილისში საცობებს იწვევს. დავით ნარმანიამ იმ ნაბიჯების შესახებაც ისაუბრა, რაც თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საცობების განსატვირთად გადადგა.
როგორც მერმა განაცხადა, 2010 წლიდან დღემდე თბილისში ავტომობილების რაოდენობა გაორმაგებულია. მისი ინფორმაციით, თუ 2010 წელს დედაქალაქში 200 ათასი ავტომობილი მოძრაობდა, დღეისთვის ეს რიცხვი 400 ათასს შეადგენს.
დავით ნარმანიას თქმით, საცობების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავობა. მისი შეფასებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა, მათ შორის ავტობუსების ხარისხის, მეტროს მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. არ დამატებია ახალი სადგურები. ჩვენ მოვინდომეთ და მეტროს ერთი ახალი სადგური ემატება. მეორე, აქტიურად ვმუშაობთ ავტობუსების პროექტზე, ახალი ავტობუსები სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს შემოსვლას და თებერვლის ბოლომდე 143 ახალი ძალიან კომფორტული ავტობუსი ეყოლება ქალაქს. ეს არის ბოლო კლასის - ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები. ის მუშაობს ბუნებრივ აირზე და გარემოზე გაფრქვევა მინმალურ დონეზეა დასული“,- აცხადებს ნარმანია.
მისივე ინფორმაციით, მერიამ დაიწყო მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია და ამ დრომდე მოდერნიზდა 12 ვაგონი. წლის ბოლომდე კი კიდევ იგეგმება 8 ვაგონის მოდერნიზება.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, მერიამ აღადგინა და დაახლოებით 10 დღეში გახსნის კუს ტბისა და ვაკის პარკის დამაკავშრებელ საბაგიროს. მერის განმარტებით ასევე შემოდგომაზე დაიწყება მთაწმინდის პარკში ამავალი საბაგიროს მშენებლობა მეცნიერებათა აკადემიის ტერიტორიიდან.