საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საპარტნიორო ფონდის შეფასება - BB-სტაბილური დაადასტურა. მაშინ როცა საქართველოს მთავრობისთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მთავარ პრიორიტეტად რჩება, Fitch-ის შეფასება ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია. თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ისაუბრა.
-ბატონო დავით, Fitch-მა სტაბილური შეფასება დაგვიტოვა, რას ნიშნავს ეს ქართული ეკონომიკისთვის და ინვესტიციების მოსაზიდად?
-ეს მსხვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ი როგოც ქვეყნების, ასევე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების შესახებ ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგებს და ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ზოგადად ინვესტორი ან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტი გადაწყვეტილებას ღებულებს ამა თუ იმ ქვეყანაში, ფონდში თუ კომპანიაში შევიდეს თუ არა და შესვლის შემთხვევაში როგორი აქტივებით შევიდეს. როდესაც აღნიშნული რეიტინგი გამოქვეყნდა დიდი კმაყოფილებით შევხვდით, იმიტომ რომ BB- საკმაოდ მაღალი შეფასებაა და ჩვენი ფონდის ეს რეიტინგი საქართველოს რეიტინგს ზუსტად ემთხვევა, თანხვედრაშია, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ის ძალიან დიდი წარმატებები და მიღწევები, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში ზოგადად საფინანსო ბაზრებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის გააჩნია ეს რეიტინგი ჩვენი ფონდისთის საამაყო და ბევრის მთქმელია. როდესაც, ნებისმიერი ბანკი, საფინანსო ინსტიტუტი თუ ფონდი ფიქრობს, რამდენად გააქტიუროს თავისი თანამშრომლობა ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან თუ ინსტიტუტთან ასეთი კრიტერიუმებითა და შეფასებებით ხელმძღვანელობს და ეს ჩვენთვის სწორედ საშუალებაა, რომ ჩვენ ჩვენს შესაძლო პარტნიორებს თამამად ვესაუბროთ. ასევე საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და კორუფციის არქონის გამო სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტების დროს ამაყები ვიყოთ.
- Fitch-ის შეფასება ძალიან კარგია, თუმცა როდის შევძლებთ საინვესტიციო შეფასებაზე გადასვლას, რა გზაა აქამდე გასავლელი?
-არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვა და ის უმძიმესი პერიოდები გაიარა, რასაც შიდა ომები, ტერიტორიების წართმევა მოყვა. კარგია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს რეიტინგი ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი არ არის ევროკავშირის ქვეყნებში არსებული საბანკო სისტემების თუ ფონდების რეიტინგის მსგავსი, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად არც ჩამოუვარდება. რაც შეეხება რეგიონს და ანალოგიურ ქვეყნებს მათთან შედარებით ძალიან მაღალია.
ახლა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან მოვდივარ, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრა მიმდინარეობდა, ევროპის საინვესტიციო ბანკის უდიდესი დელეგაცია იყო ჩამოსული, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთ პროექტს წარმოადგენენ. ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოში ინოვაციების მიმართულებით დიდ ამოცანებსა და გეგმებს ისახავს. ბანკის კაპიტალი 77 მილიარდი ევროა. მართალია, ისინი ძირითადად ევროკავშირში აბანდებენ თანხებს, მაგრამ აბანდებენ კიდევ რამდენიმე ქვეყანაში და საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც მათ შემოსვლის ინტერესი აქვთ. ამ ბანკის ხელმძღვანელობა ქართული ბანკებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს ახლა ესაუბრება. ამჟამად ისინი ძირითადად ინოვაციების მიმართულებით არიან დაინტერესებული.
ასევე, ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც საქართველოს ინიციატივით და ჩვენი ფონდის თაოსნობით განხორციელდა, საპარტნიორო ფონდის მიერ, როდესაც ჩვენ შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ შევქმენით და მასზე 12 მილიონი ლარი გამოიყო, 11 მილიონი ჩვენ და 1 მილიონი ინოვაციების სააგენტომ გამოყო. პირველ ეტაპში გამარჯვებული კომპანიები უკვე გამოვლენილი არიან. ვვითარდებით და ბევრ საინტერესო პროდუქტს განვიხილავთ. ევროპის ბანკის ეს პროექტი უფრო მსხვილი მასშტაბის დაფინანსებას ითვალისწინებს.