ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, აუდიტის სამსახურის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს ეხმაურება. აუდიტის შედეგად გამოვლინდა პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას უახლოესი მანძილის პრინციპის უგულებელყოფის და ასევე ისეთ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევები, სადაც არ არის პაციენტის სამკურნალოდ საჭირო სამედიცინო ნებართვები ან არ აქვთ შესაბამისი მომსახურება.
"ზოგიერთ კერძო კლინიკას გადაჭარბებული შეხედულება აქვს ნამდვილად სასწრაფო დახმარების პაციენტის მიყვანის შესაბამისობაზე საკუთარ ბიზნეს ინტერესებთან. ამოსავალი წერტილი არის პაციენტის უსაფრთხოება და შესაბამისი მოვლა. გამოიყენება ორი პრინციპი, ერთი არის ტერიტორიული, მეორე არის იმ პროფილის დახმარების მიღების შესაძლებლობა. ზოგჯერ ტერიტორიული პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება იმიტომ, რომ იმ არეალში შესაბამისი პროფილი არ არის. რაც შეეხება სასწრაფოს მუშაობას, არის ერთობლივი სქემები, რომელიც სინქრონიზებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან და განსაკუთრებით წლევანდელი წელის დასაწყისიდან ეს სქმეები აქტიურად მუშაობს. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ შემოვიდა ახალი ვალდებულება, რომ კლინიკას, ვისაც აქვს გადაუდებელი მიღება, უნდა ჰქონდეს შესაბამისი გადაუდებელი მიმღები განყოფილება. ვისაც არა აქვს მათთან სასწრაფო დახმარება არ მიიყვანს პაციენტებს და ეს ასეც ხდება. შეიძლება ეს სიახლე გარკვეულად გახდა ზოგიერთი კლინიკის უკმაყოფილების მიზეზი", -განმარტავს დავით სერგეენკო.