"შეუძლიათ ამაზე ფიქრი დაივიწყონ", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტის შეკითხვას, დაკმაყოფილდება თუ არა სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნა, შეჩერდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კერძო დაზღვევის მქონე პირებზე საყოველთაო ჯანდაცვა აღარ გავრცელდება.
"დღევანდელი დემარშით ამ კომპანიებმა საგრძნობლად გაირთულეს მდგომარეობა. მე არ ვიტყვი, რომ შეუქცევადად, მაგრამ საგრძნობლად",- განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგით სამინისტრო სადაზღვევო კომპანიებს განახლებული ბაზების გადაგზავნას არ მოუწოდებს, რადგანაც ეს დავალება კომპანიებს საქართველოს მთავრობიდან აქვთ მიღებული.
„მათგან ბაზების არმოწოდების მიზეზად სახელდება ის, რომ უნდა დასრულდეს კონსულტაციები, რაღაც დასარსული აქვს ყველაფერს, 2015 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს ეს კონსულტაციები. ჩვენი პოზიციაა, რომ ჯერ უნდა მოხდეს ბაზების განახლება, რადგან ერთადერთი ობიექტური გზა ახალი სისტემის დასაგეგმარებლად არის ამ ბაზების ნახვა და მთლიანი სურათის ნახვა“,- აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, დღეს სადაზღვევო კომპანიები გარკვეულ რისკებზე საუბრობენ და აპოკალიპტურ სურათს ხატავენ, რომ დაზღვევა გაძვირდება, თუმცა, ამ რისკების გაანალიზების შესაძლებლობა მათ წინა წლებში ჰქონდათ, როდესაც სამინისტრო მათთან კონსულტაციებს მართავდა.
დღეს სადაზღვევო კომპანიებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მოითხოვეს საქართველოს მთავრობის დადგენილების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, კერძო დაზღვევის მქონე პირებზე საყოველთაო ჯანდაცვა აღარ გავრცელდება.