Home
Category
TV Live Menu

დავით წიქარიძე: Admiral markets-ის საქართველოდან გასვლა შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობას უკავშირდება

57ff33190d547
სალომე მეცხვარიშვილი
13.10.16 12:50
2176
საქართველოში Admiral markets-ის ყოფილი წარმომადგენლის დავით წიქარიძის განცხადებით, გლობალური საბროკერო კომპანია საქართველოდან შესაბამისი კანონდებლობის არარსებობის გამო გავიდა.

მისი თქმით, კომპანიას საქართველოში სხვადასხვა პროექტის განხორციელება სურდა, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში ეს მიმართულებები კანონმდებოლობით სათანადოდ არ რეგულირდება, ახალ პროექტებზე უარი თქვა და Admiral markets ქვეყნიდან გავიდა.

წიქარიძის განმარტებით, საბროკერო და საფონდო ბირჟების მიმართულებით საქართველოში არსებული კანონმდებლობა მოძველებულია, რის გამოც კეთილსინდისიერ კომპანიებს ბაზარზე ოპერირება უჭირთ. შედეგად, წიქარიძის თქმით, ბაზარი გაჯერებულია ისეთი რუსული კომპანიებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავად რუსეთშია აკრძალული.

„ამის გამო კანონმორჩილი კომპანიები მიდიან ბაზრიდან და რჩებიან აბსოლუტური თაღლითები. იმის მაგივრად, რომ წინსვლა იყოს, ვითარდება თაღლითური ბაზარი. ის კომპანიები, რომლებიც რუსეთშიც კი აკრძალულია, ირქმევენ საბროკეროებს და მუშაობენ საქართველოში და მუშაობენ ჩვენს მოქალაქეებთან“, - აცხადებს წიქარიძე.

მისივე ინფორმაციით, საფონდო ბირჟების განვითარება არ არის ხელსაყრელი ქართული ბანკებისთვის, რადგანაც ეს ბაზარი მათთვის ახალი კონკურენტია.

"ამ სფეროს განვითარება ძალიან არ უნდა საბანკო სფეროს, რადგან ადამიანს, რომელსაც დღეს ბანკებში მიაქვს ფული, წაიღებს საფონდო ბაზარზე და აქციებში ჩადებს. აქედან გამომდინარე რაღაც ლობირების ნიშნებიც არის“, - აცხადებს წიქარიძე.

რაც შეეხება ახალ კომპანიას, რომლის შემოსვლაც წიქარიძემ Admiral markets-ის ბაზრიდან გასვლის შემდეგ დააანონსა, როგორც სპეციალისტი აცხადებს, საუბარია ამერიკულ საინვესტიციო კომპანიაზე. დავით წიქარიძე კომპანიის სახელს ჯერჯერობით არ ახმაურებს.

მისი ინფორმაციით, საინვესტიციო კომპანია საქართველოში არჩევნების დასრულებას ელოდებოდა, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

Subscribe to our news

Get the main news of the day