"დე აურე" და "ემოსა" - "ბრენდების მთავარი ნიშა დახვეწილობა, ორიგინალურობა და სისადავეა" - თათია თოდუა „ქალების ნარატივში“
-რას სთავაზობს მომხმარებლებს „დე აურე“?
-„დე აურე“ ქალბატონებს სთავაზობს ბროშებს, ჩანთებს, თმის სამაგრებს, საყურეებს, სხვადასხვა აქსესუარებს.თვითნასწავლი ვარ, ამ საქმით ბავშობიდან დავინტერესდი. როგორც დედაჩემი აღნიშნავს, სტუდენტობისას ისიც იყო ხელსაქმით დაინტერესებული.
-რა დაბრკოლებები ახლავს თავს ამ პროცესს?
-ვსწავლობდი ჟურნალისტიკას და ამ დროს მოვინდომე მცირე ბიზნესის წამოწყება. გარშემომყოფები დღესაც მეკითხებიან სამსახურს თუ ვეძებ, მე კი ვეუბნები, რომ უკვე ვმუშაობ.
-ექსპორტის მიმართულებით თუ გაქვთ გეგმები?
-მოლაპარაკებები არის; ახლა გადავდივარ ახალ სახელოსნოში და ავიყვან პირველ თანამშრომლებსაც, ვეძებ პარალელურად. ამ ეტაპზე, პროდუქციას მარტო ვქმნი. ეს წარმოების ზრდის საშუალებას მომცემს. ამის შემდეგ უკვე მოვიაზრებ პროდუქციის ექსპორტზე გატანას. მოიაზრება ევროპის ქვეყნები და ამერიკა. ემიგრანტ ქართველებთან ახლაც ვაგზავნით ხოლმე შეკვეთებს.
-პანდემიის დროს თუ მოიკლო მოთხოვნამ?
-სიმართლე გითხრათ, არა.
-გაქვთ ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც არ გაყიდით?
-არის რამდენიმე, მათ მე ხშირად ვატარებ.
-რაზეა მოთხოვნა?
-არის რამდენიმე ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარი. ერთ-ერთია ნეკერჩხლის ფოთოლი, ასევე საქართველოს რუკის კონტურის ბროში, რომელზეც აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიები.
-პროდუქცია როგორ რეალიზდება?
-ონლაინ, ამ მიმართულებას პანდემიამდეც ვიყენებდი. მაქვს სურვილი კონკრეტული ფილიალის გახსნისაც, მაგრამ ონლაინ მაინც დარჩება ერთ-ერთ შეუცვლელ ხაზად.
-რა არის თქვენი ძირითადი სტრატეგია?
-ხარისხი, სისადავე და გემოვნება, რითიც ვქმნი პროდუქციას.
-ასევე ხართ „ემოსას“ თანადამფუძნებელი; რამდენი ხანია ეს ბრენდი არსებობს?
-2თვის წინ, მეგობართან ერთად, სახელი ვეფხისტყაოსნიდან. გაყიდვების მაჩვენებელი საიმედო ნიშნულზეა. ვიღებთ დადებით შეფასებებს.
-რა არის ამ ბრენდების მთავარი ნიშა?
-დახვეწილობა, ორიგინალურობა, სისადავე.
-სამომავლოდ რას მოიაზრებთ?
-ახალ ბრენდებსა და პროდუქტებს. მსურს თანამშრომლები მყავდეს, რათა ახალი იდეების განხორცილებაც შევძლო.