"ქვეყანაში დოლარიზაციის დონე დაახლოებით 60%-ზე ნაკლები არასდროს ყოფილა. დღევანდელი მდგომარეობით ის დაახლოებით 65%-ია“, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დოლარიზაციის მაჩვენებლის განსაკუთრებით საგანგაშოდ შეფასება არ უნდა მოხდეს.
ალექსიშვილი დოლარიზაციის შემცირებისთვის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ლარში გამოშვებული პროდუქტების გაზრდასა და ფინანსური განათლების დონის ამაღლებას.
"დოლარიზაცია არის სიმპტომი და ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის გამოხატულება. ეს არ უნდა შევაფასოთ განსაკუთრებით საგანგაშოდ. ეს არის პირველ რიგში დაკავშირებული საგადასახადო ბალანსზე.
ხელოვნური ჩარევა სასურველი არ იქნება, აკრძალვებით და რეგულაციების გამკაცრებით, შედეგს ვერ მივიღებთ და ეს შექმნის არალეგალურ ბაზარს, რასაც უკიდურესად ცუდი შედეგი იქნება.
დღეს დედოლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს. არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც წარმატებულად მიაღწიეს შედეგს. დედოლარიზაცია ფართო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს.
პირველ რიგში შედეგის მისაღწევად სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო არსებობდეს.
გარდა ამისა, არსებობს ნაბიჯები, რომლებიც შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გაითვალისწინონ, მათ შორის ეროვნულმა ბანკმა. კერძოდ, ფინანსურ პროდუქტები გამოშვებული უნდა იყოს ლარში, და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება“, - განაცხადა ალექსიშვილმა.