დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 119.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 315.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.7 პროცენტით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი მოდიოდა.
აქედან 12,3 მილიონი შემოვიდა იტალიიდან, 11,9 მილიონი საბერძნეთიდან, 2,9 მილიონი ესპანეთიდან, ასევე 2,9 მილიონი გერმანიიდან, 1,3 მილიონის ტრანსფერი მოხდა გაერთიანებული სამეფოდან, ხოლო 1,2 მილიონის საფრანგეთიდან.
ყველაზე დიდი წილი ფულად გზავნილებში კვლავ რუსეთს უკავია, საიდანაც ტრანსფერმა დეკემბერში 41,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 14,1 მილიონი იყო ფულადი გზავნილები აშშ-დან, 8,3 მილიონი თურქეთიდან, 7,1 მილიონი ისრაელიდან, 2,5 მილიონი უკრაინიდან, 1,9 მილიონი აზერბაიჯანიდან, ხოლო 1,1 მილიონი კი ერაყიდან.
2016 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.2 მლნ აშშ დოლარი (48.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.6 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.