საბანკო სექტორი დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების გადადებას ითხოვს. როგორც „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებს, საფინანსო სექტორს კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა აქვს, ამიტომ მისი დაჩქარებით მიღება არასწორია. გვასალიას ინფორმაციით, თუ კანონპროექტს ამჟამინდელი ვარიანტით მიიღებენ, კანონში ცვლილებები მოგვიანებით მაინც საჭირო გახდება. კონკრეტულად რას ეხება ბანკების შენიშვნები გვასალია არ საუბრობს და აცხადებს, რომ ხარვეზები საკმაოც კომპლექსურია.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ არ შეიძლება რაღაც მოხდეს ნაჩქარევად. მნიშვნელოვანი შევიშვნები გვაქვს. ბოლო შეხვედრა, რომელიც მოხდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, სადაც ჩართული იყო მსოფლიო ბანკის წარმომადგენელიც, ჩვენი მოთხოვნა ის იყო, რომ სადღაც 2019 წალმდე გადაიწიოს ამ ვადამ, რადგან არ შეიძლება ასე ნაჩქარევად გაკეთდეს ეს ყველაფერი, რადგან ბაზარს დააზარალებს. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ ნელა. რომ არ გავაფუჭოთ ის, რაც არის. ეს რომ გასაკეთებელია, ცალსახაა, ამაზე არავინ კამათობს. იმდენი შენიშვნა ოყო, რომ კანონი ძალიან დასახვეწია. მაშინ ჩვენ კანონს მივიღებთ და მერე დავიწყებთ მასში ცვლილებების შეტანას.
ევროდირექტივასთან ჰარომონიზაციის პროცესიდან გამომდინარე, არ უნდა ავცდეთ მას. რომის პაპზე მეტი კათოლიკები არ უნდა ვიყოთ. ეს არ არის სწორი. შენიშვნები საკმაოდ კომპლექსურია, რადგან ერთი მეორეს იწვევს და ა.შ. ამას სჭირდება კონსტრუქციული თანამშრომლობა და იმედი მაქვს, ეს პროცესი განვითარდება სწორად",- აცხადებს გვასალია.
არსებული კანონპროექტის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება. თავდაპირველად დაზღვევა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და ის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება. ასევე, როგორც ცნობილი ხდება დაზღვეული იქნება დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში, როგორც ლარში ასევე დოლარში.