დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი ოქტომბერში 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.7 პროცენტს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 61.3 და 80.0 პროცენტს შეადგენდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ოქტომბრის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 144.4 მლნ ლარით (3.2 პროცენტით) და 4.73 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მატება გამოიწვია იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშების ზრდამ. ფიზიკური პირების დეპოზიტები შემცირდა 67.8 მლნ ლარით. უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე, 2.1 პროცენტიანი (92.7 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 4.52 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, როგორც ფიზიკური პირების დეპოზიტებზე, ასევე იურიდიული პირების დეპოზიტების მატებით არის განპირობებული.
2016 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 719.1 მლნ ლარით (4.8 პროცენტით) გაიზარდა და 15.6 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2015 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 12.6 პროცენტით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მატებამ, ასევე ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის დეპოზიტების გადაფასებით გამოწვეულმა ზრდამ.