საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი თებერვლისათვის 19.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 627.1 მლნ ლარით 3.2 პროცენტით ნაკლებია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით ნაკლები). ეროვნული ბანკის ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 100.9 მლნ ლარით ანუ 0.9 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.6 პროცენტით) ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 728.0 მლნ ლარით ანუ 8.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 6.5 პროცენტით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 35.65 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 1.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.35 პროცენტული პუნქტით).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.9 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.6 პროცენტი შეადგინა.
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 103.0 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 21.9 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 426.6 მლნ ლარით (4.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 323.6 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 6.9 მლრდ ლარის (3.0 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7 პროცენტით მეტი).
2018 წლის იანვრის განმავლობაში 3.0 პროცენტით ანუ 341.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 11.6 მლრდ ლარს მიაღწია.
მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.66 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 1.75 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.84 პროცენტული პუნქტით).