"ძალიან გამიხარდება, თუ თამბაქოს ბიზნესი გაკოტრდება ხვალვე, ან დღესვზე. ეს არის სიკვდილის ბიზნესი" - ასე პასუხობს თამბაქოს ბიზნესის პრეტენზიებს "თამბაქოს შესხებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. პარლამენტმა უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება თამბაქოს მოწევა, ასევე, სრულად იკრძალება სიგარეტის რეკლამირება.
პარლამენტარი ამბობს, რომ თამბაქო ქართული ეკონომიკისთვის დამანგრეველია, რამდენადაც სახელმწიფო ბევრად მეტ თანხას ხარჯავს სიგარეტით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, ვიდრე თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხებია, რაც დაახლოებით 500 მილიონს შეადგენს. ამასთან, პარლამენტარი აცხადებს, რომ ახალი რეგულაციებით ბიუჯეტს თანხები დიდად არ მოაკლდება, რამდენადაც პარალელურად თამბაქოს ბიზნესს აქციზის განაკვეთი წლიდან-წლამდე გაეზრდება და ბიუჯეტში კიდევ უფრო მეტი თანხის შეტანა მოუწევს. მთავრობა ელოდება, რომ რეკლამებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვით და აქციზის ზრდით ყოველწლიურად მწეველთა რიცხვი 1%-ით შემცირდება. "გაეზარდოთ ხარჯები, თქვენ გგონიათ პრობლემა აქვთ რამე? ტრილიონობით ბიზნესია ეს მთელს მსოფლიოში. თამბაქოს ბიზნესი მე არ მიმაჩნია ბიზნესად, ეს არის სიკვდილის ბიზნესი. ეკონომიკსთვის თამბაქო არის დამანგრეველი. მარტივ ციფრს მოგიტანთ: საქართველოში დაიხარჯა 2,5 მილიარდი ლარი ჯანდაცვაზე, ეს არის როგორც სახელმწიფოს, ასევე თავად მოსახლეობის დანახარჯები, რომლიდანაც დაახლოებით 700 მილიონი სწორედ იყო თამბაქოს წევით გამოწვეული დაავადებების სამკურნალო თანხა. როდესაც მთელი საბიუჯეტო შენატანი აქციზით არის 350 მილიონი და კიდევ შეიძლება 100-120 მილიონი ან 200 მილიონი იყოს დღგ-დან",- აცხადებს აკაკი ზოიძე.