Home
Category
TV Live Menu

"დერეგულირებული სადგურების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 20.5%-მდე გაიზრდება"

5988655e62268
BM.GE
07.08.17 17:03
764
ელექტროენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების დონე 2018 წლიდან გაიზრდება. ამჟამად სემეკის მიერ რეგულირდება ყველა თბოსადგური, ასევე ყველა ჰესი, რომელიც 2008 წლის 1 აგვისტომდე აშენდა და რომლის დადგმული სიმძლავრე 13 მგვტ-ს აღემატება. რეგულირების ქვეშ მყოფ სადგურებს არ აქვთ უფლება გაყიდონ ელექტროენერგია წინასწარ დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად.

"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, დერეგულირების ზღვარი 13მგვტ.-დან 40 მგვტ.-მდე აიწევს 2018 წლის 1 იანვრიდან.

G&T-ის პროგნოზით, აღნიშნული ცვლილება გაზრდის დერეგულირებული სადგურების წილს ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 15.5%-დან 20.5%-მდე, ხოლო მათი წლიური გამომუშავება 2018-2019 წლებში მიაღწევს 3.1 მილიარდ კვტ.სთ.-ს (2016 წლის ჯამური მიწოდების 26.0%), რომელიც ბაზარს მიეწოდება არარეგულირებულ ფასად.
"დერეგულირებული სადგურების 77.6%-ს აქვთ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (PPA) ესკოსთან. შესაბამისად, დერეგულირებული სადგურების გენერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიყიდება ესკოს გავლით წინასწარ განსაზღვრულ ფასად და შესაბამის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პერიოდების განმავლობაში.

პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ჯამური მოხმარების მეოთხედს გადააჭარბებს. პირდაპირი მომხმარებლები ელექტროენერგიას პირდაპირ მომწოდებლებისგან შეისყიდიან, მათთან შეთანხმებულ ფასად, ძირითადად ყოველთვიურად. პირდაპირი მომხმარებლები ამ გზით გვერდს უვლიან სადისტრიბუციო კომპანიებს, თუმცა ამავდროულად უწევთ მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის გადახდა“, - განმარტავენ G&T-ში.

"ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, 2018 წლის პირველი მაისიდან, მაღალი ძაბვის (35კვ და ზევით) ელექტროგადამცემ ხაზზე დაერთებული ყველა მომხმარებელი ავტომატურად დარეგისტრირებული იქნება პირდაპირ მომხმარებლად. გალთ&თაგარტის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება პირდაპირი მომხმარებლების რიცხვს გაზრდის 2-დან 60-ზე მეტ კომპანიამდე, რომელთა ჯამური წლიური მოხმარება იქნება მინიმუმ 3.1 მილიარდი კვტ.სთ. (2016 წლის ჯამური მოხმარების 28.2%). სხვა კომპანიებისთვის ნებაყოფლობითი რეგისტრაციის უფლება ძალაში დარჩება.

„პირდაპირ მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა წაახალისებს დერეგულირებულ ბაზარზე კონკურენტულ ფასებში ვაჭრობას. მეტიც, ასეთმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ბაზარზე ელექტროენერგიის გადამყიდველების (ე.წ. ტრეიდერი) გაჩენას. ტრეიდერები მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას თავაზობენ, მათ შორის ფიქსირებული ფასის ან ერთიანი გადახდის კონტრაქტებს, რითაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს პირდაპირი მომხმარებლები ნახავენ", - განმარტავენ G&T-ში.

Subscribe to our news

Get the main news of the day